საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მისი დასწრების გარეშე მიმდინარეობს.
სხდომაზე ვერგამოცხადების მიზეზთან დაკავშირებით განცხადება თავად მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა, რომელიც შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მსჯავრდებულის თქმით, სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაეწსრებოდა:
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს. ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა იჩაგრებიან ჩემ გამო. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, – ამბობდა მიხეილ სააკაშვილი.
7 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს.
სააკაშვილის თქმით, მკურნალობის შეწვეტის მიზეზი მის მიმართ დისციპლინური ზომების ამოქმედება გახდა, რაც მისი თქმით, შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. გარდა ამისა, მისი თქმით, პროტესტს გააგრძელებს მანამ, სანამ იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს.
დღეს, 9 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავებულია და პატიმრობაში იმყოფება სამი პირი: მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია.