აფხაზეთსი საომარი მოქმედებებისას დაღუპული 8 პირი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 5 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.
კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირიდან ხვალ ოთხ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, დანარჩენ მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.
ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად მოხერხდა.