„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 9 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე დასწრებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.
ამის შესახებ მან დღეს, 8 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას
„ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ. იმიტომ, რომ ახლა აქვს წნევა, ადამიანი ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა, მაგრამ სიმყარეს ვერ გრძნობს, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აქვს იმგვარად, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ჩემი აზრით, ის ვერ შეძლებს ხვალ დასწრებას სასამართლოზე, მას ძალიან წყდება გული“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
ხვალ, 9 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავებულია და პატიმრობაში იმყოფება სამი პირი: მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები და ელგუჯა ცომაია.







