ახალი ამბებირეკლამა

რა შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკი კოვიდპაციენტთან  – პროფესორ მაკა ბულეიშვილის რჩევები

8 დეკემბერი, 2021 •
რა შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკი კოვიდპაციენტთან  – პროფესორ მაკა ბულეიშვილის რჩევები

„ვირუსული ინფექცია, ზოგადად, კოვიდი იქნება თუ სხვა – არ საჭიროებს ანტიბიოტიკურ თერაპიას“, – აცხადებს კლინიკური ექსპერტი, თერაპევტი, პულმონოლოგი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი.

მედიკოსი განმარტავს,  რა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ანტიბიოტიკებით მკურნალობა კოვიდინფიცირებულ პაციენტთან.

„მე ვარ კლინიკური ექსპერტი. კლინიკური ექსპერტიზა გულისხმობს, რამდენად სწორად არის დანიშნული ესა თუ ის მედიკამენტი. ამის კონტროლს ვახორციელებ კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით.

ყველა დაავადებას აქვს თავისი სტადიები, დასაწყისი და დასასრული. კონკრეტულად, კოვიდსაც თავისი სტადიები აქვს და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უამრავი მირეკავს რეანიმაციული განყოფილებიდან  და მეუბნება, რომ, მაგალითად, დედაჩემი ცუდად არის და აზიტრომიცინი ხომ არ მივცეო. წარმოიდგინეთ, რეკავენ რეანიმაციიდან, სადაც უკვე უმაღლესი ხარისხის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ტარდება.

ზოგადად, ვირუსული ინფექცია,  კოვიდი იქნება თუ სხვა – არ საჭიროებს ანტიბიოტიკურ თერაპიას. ანტიბიოტიკური თერაპია ინიშნება  მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია, ვირუსული ინფექცია ბაქტერიული ანდა სოკოვანი ინფექცია გახდეს, ანუ ამ ინფექციების შედეგად გართულდეს. არასწორად მართულმა ამ დაავადებებმა კი, არ არის გამორიცხული, სამომავლოდ რომელიმე დაავადება გამოიწვიონ. ეს შეიძლება იყოს პნევმონია, პლევრიტი და ა.შ, ასევე ფილტვის სხვადასხვა დაავადების გამომწვევიც გახდეს“,- აღნიშნავს მაკა ბულეიშვილი.

კლინიკური ექსპერტი აცხადებს, რომ მაშინაც კი, როდესაც სახეზეა ანტიბიოტიკური თერაპიის საჭიროება, მკურნალობის დაწყებამდე მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევა და პაციენტის მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასება უნდა მოხდეს.

ზოგადად, სხვადასხვა ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია შეიძლება შემდგომში განვითარდეს დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებში ან ასაკობრივ ჯგუფებში. არ არის გამორიცხული, ახალგაზრდასაც, დაბალი იმუნიტეტის დროს, რეკომენდაციების დაუცველობის შემთხვევაში, ბაქტერიული დაავადება, ბაქტერიული პნევმონია განუვითარდეს.

ბაქტერიული პნევმონიის დროს, მხოლოდ კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე  ინიშნება ანტიბიოტიკიკური თერაპია. აუცილებელია, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე შეფასდეს პაციენტის ანამნეზური მონაცემები, ამავე დროს, აუცილებელი და მნიშვნელოვანია კვლევების ჩატარებაც. დადასტურებული უნდა იყოს კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები, განსაკუთრებით, ნახველის ანალიზის გარეშე ბაქტერიული პნევმონიის მკურნალობა და სისხლის მთლიან რეზისტენტობაზე ანტიბიოტიკის მიმართ გაკეთებული კვლევა. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება, რომ ანტიბიოტიკური თერაპია დაინიშნოს“,- ამბობს მედიკოსი.

მაკა ბულეიშვილის თქმით, ანტიბიოტიკებით დაწყებულმა არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულოს და როდესაც პაციენტს რეალურად დასჭირდება ანტიბიოტიკოთერაპია, მისი ორგანიზმი უკვე რეზისტენტული გახდეს.

„ხშირად ხდება, კოვიდი პირველივე დღიდან ანტიბიოტიკური თერაპიით იწყება, რაც სამომავლოდ,  როდესაც პაციენტს ეს უკვე ნამდვილად სჭირდება,  იწვევს ანტიბიოტიკების მიმართ პაციენტის რეზისტენტულობას.

თუ კოვიდის დროს სწორად მიდის მკურნალობა, შეიძლება პაციენტს საერთოდ არ დასჭირდეს ანტიბიოტიკური თერაპია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გააჩნია, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს 5-6 დღის შემდეგ, შეიძლება პაციენტს 8-9 დღის შემდეგაც გამოუვლინდეს ბაქტერიული პნევმონია.

კოვიდის შემთხვევაში მუდმივად აღვნიშნავთ, რომ ანტიბიოტიკებით დაწყებული მკურნალობა სწორი არ არის. არ ვიცი, ვინ როგორ მკურნალობს და ვის რა მიდგომა აქვს. ეს არ არის ინდივიდუალური მიდგომა. პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა სულ სხვა რამეს ნიშნავს  და არა იმას, რომ პირველივე დღეს ანტიბიოტიკოთერაპია დაინიშნოს. მკაცრად უნდა გავმიჯნო, რომ ყველა მედიკამენტი –  ეს იქნება ანტიბიოტიკი თუ ე.წ. სისხლის გამათხელებელი საშუალებები, რასაც პაციენტები თვითნებურად იღებენ, სამომავლოდ შეიძლება გახდეს კიდევ უფრო რთული და მეტი ზიანის მომტანი ადამიანის ორგანიზმისთვის“,- აღნიშნა მაკა ბულეიშვილმა.

როგორც კლინიკური ექსპერტი ამბობს, აუცილებელია, რომ ადამიანმა კოვიდინფიცირების დროს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დაავადების დროს, რეკომენდაცია და მითითება მხოლოდ სპეციალისტისგან მიიღოს, რომელიც, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით და ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, სწორ მკურნალობას დანიშნავს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ მთავარ საკითხს – ანტიბიოტიკურ თერაპიას გააჩნია მისი ყველა კლინიკური ჩვენება ისევე, როგორც – გამათხელებლების დანიშვნას. ამიტომ ასე ბრმად და ასე პირდაპირ თქმა – „შენ გაქვს ვირუსული ინფექცია“ და ანტიბიოტიკის მიცემა –  დამაზიანებელია და შეიძლება იგივე კოვიდით დასნებოვნებულ პაციენტებში  არასწორი მართვა გამოიწვიოს.

რეკომენდაცია უნდა მივიღოთ მხოლოდ კვალიფიციური ექიმისგან და არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით მიღებული მედიკამენტები. ძალიან ვთხოვთ პაციენტებს და ჩვენ მოქალაქეებს, მაქსიმალურად დავუჯეროთ ექიმებს. მკურნალობა ხდება პროტოკოლის მიხედვით, თუმცა ექიმს იმის უნარიც უნდა ჰქონდეს, რომ პაციენტი შეაფასოს და პროტოკოლის პარალელურად ინდივიდუალურად იმოქმედოს“,- განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი