ახალი ამბები

ომიკრონ შტამს ფაიზერის ვაქცინისთვის თავის არიდება მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია — კვლევა

8 დეკემბერი, 2021 • 19082
ომიკრონ შტამს ფაიზერის ვაქცინისთვის თავის არიდება მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია — კვლევა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონი ნაწილობრივ უსხლტება ფაიზერის ვაქცინის მიერ გამომუშავებულ იმუნიტეტს. თუმცა ის პირები, რომლებიც მანამდე იყვნენ ვირუსით ინფიცირებულნი და შემდგომ აიცრნენ, სავარაუდოა, რომ ვირუსის წინააღმდეგ კარგად არიან დაცულნი.

ეს არის პირველი კვლევა, რომელიც ვაქცინირებულ პირებში უშუალოდ ომიკრონის მიმდინარეობას სწავლობს.

კვლევა ონლაინ გამოქვეყნდა და მას არ გაუვლია სამეცნიერო საზოგადოების მიერ წინასწარი განხილვა (peer review), რაც აუცილებელია კვლევის სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.

ინფორმაციას კვლევის შესახებ ამერიკული CNN ავრცელებს.

ლაბორატორიულ კვლევაში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, ჩართული იყო ფაიზერის ვაქცინით აცრილი 12 ადამიანი. მათი მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ომიკრონ ვარიანტს შეუძლია დაუსხლტეს იმუნურ სისტემას, თუმცა, არა სრულად.

„მე მიმაჩნია, რომ ეს სიახლე არის ძალიან პოზიტიური. უფრო ცუდსაც მოველოდი“, — განუცხადა კვლევაში ჩართულმა მეცნიერმა ალექს სიგალმა CNN-ს. სიგალი „აფრიკის ჯანმრთელობის კვლევის“ ინსტიტუტში მუშაობს.

მისი განცხადებით, მუტაციები, რომლებიც ახასიათებს ომიკრონს, თავდაპირველად მიანიშნებდა, რომ  საკმაოდ ადვილად შეეძლო დასხლტომოდა ვაქცინების მიერ შექმნილ იმუნიტეტს, მაგრამ ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ეს ასე არაა.

„ეს არაა ის ვარიანტი, რომელიც აბსოლუტურად გაურბის ვაქცინას. ის, რა თქმა უნდა, გაურბის, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ, როგორც ვხვდები, არსებობს გზები, რომ ვირუსს გავუმკლავდეთ“, – განაცხადა სიგალმა.

ალექს სიგალის განცხადებით, ბუსტერ დოზებიც დაიცავს ხალხს ომიკრონ შტამის წინააღმდეგ.

„ჩემი აღქმით, თუ ბუსტერ დოზას გაიკეთებ, დაცული ხარ, განსაკუთრებით დაავადების მწვავე მიმდინარეობისას“, – აცხადებს იგი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსს შესწევს ძალა, ნაწილობრივ დაუსხლტეს ვაქცინირებით გამომუშავებულ იმუნიტეტს, კვლავ არის დარჩენილი საკმარისი „ფარი“ იმისათვის, რომ ვაქცინამ ინფიცირებული ადამიანი ვირუსის მწვავე მიმდინარეობისგან დაიცვას.

ომიკრონი კორონავირუსის შედარებით ახალი ვარიანტია, რომელიც თავდაპირველად სამხრეთაფრიკულ ქვეყნებში დაფიქსირდა, თუმცა ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.

კორონავირუსის ეს ვარიანტი ამჟამად შესწავლის ეტაპზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი