საზოგადოება

რატომ აკრიტიკებენ ისტორიის სახელმძღვანელოებს

7 დეკემბერი, 2021 •
რატომ აკრიტიკებენ ისტორიის სახელმძღვანელოებს

რამდენად ადეკვატურად  ასახავს უახლეს ისტორიას? მხოლოდ ფაქტებზე გვიყვება თუ შეფასებებსაც გვთავაზობს? მიუკერძოებელ თხრობაზეა აგებული თუ შეფარულ ინტერპრეტაციებსაც შეიცავს?

ეს კითხვები ბოლო დღეებში არაერთგზის დაისვა ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გარშემო. ორივე მათგანი უკვე გრიფირებულია, თუმცა 2003-12 წლების პერიოდთან დაკავშირებული პარაგრაფების ზოგიერთი პასაჟი ახლა მოექცა ყურადღების ცენტრში.

ერთი მხრივ, კრიტიკოსებს, მეორე მხრივ კი — სახელმწიფოს, გამომცემლობებსა თუ ავტორებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ, ამ ფონზე კი აქტიურდება  დისკუსიაც, როგორ უნდა ასწავლიდნენ ან უნდა ასწავლიდნენ თუ არა სკოლებში პროცესებს, რომლებიც ჯერაც არ არის დასრულებული ან სათანადოდ გაანალიზებული.

რომელ წიგნებსა და პასაჟებზე კამათობენ?

სოციალურ ქსელებში დისკუსია მიმდინარეობს ისტორიის მე-9 კლასის ორ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, რომელთაგან ერთი “დიოგენემ” გამოსცა, მეორე კი — “ლოგოს პრესმა”.

გამომცემლობებმა განათლების სამინისტროს მიერ ხსენებული სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში აცნობეს.

მონაკვეთები, რომლებმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, 2003-2012 წლების პერიოდს, კერძოდ, ვარდების რევოლუციასა და ენმ-ის მმართველობას, აგვისტოს ომს, ასევე, ხელისუფლების ცვლილებასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართული ოცნების” მმართველობის წლებს შეეხება.

ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პასაჟი ივანიშვილის დახასიათებას მოიცავს. “დიოგენეს” სახელმძღვანელოში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის ფაქტზე საუბრისას, პარტიის დამფუძნებელი მოხსენიებულია, როგორც “ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი”. “ლოგოს პრესის” წიგნში კი ივანიშვილის ბიოგრაფია,მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას მსგავსად, ცალკეა მოცემული. მასში ვკითხულობთ:

“ბიზნესმენი, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი. 1988 წელს დააფუძნა კოოპერატივი “აგროპროგრესი, რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა.

1990 წელს დააფუძნა ბანკი “როსიისკი კრედიტი”. 1995 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”…

პოლიტიკაში მოსვლამდე აფინანსებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებს და ფინანსურად ეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს”.

სააკაშვილის, ჟვანიასა და ივანიშვილის ბიოგრაფიები “ლოგოს პრესის” სახელმძღვანელოში. 

9 წლის წინ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებამდე, ავტორები მოსწავლეებს 2003 წლის “ვარდების რევოლუციაზე” უყვებიან. “დიოგენეს” სახელმძღვანელოში ვკითხულობთ:

“ახალმა მთავრობამ მოახერხა კორუფციის დაძლევა. თითქმის ყველა სფეროში(პოლიციაში, სასამართლოში, განათლების სფეროში და სხვაგან) რეფორმები გატარდა, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს.

კორუფციასა და კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების შეფერხება გამოიწვია”.

შემდგომ ავტორი ამ პერიოდში მომხდარ “გადაცდომებზე” საუბრობს და სწორედ ამ კონტექსტში ახსენებს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტს. უფრო ზუსტად, სახელმძღვანელოში აღნიშნულია:

“იყო გადაცდომებიც — კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დასჯილან, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია, სასამართლოში საქმეების 99%-ს პროკურატურა იგებდა.

ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა. დაიწყო უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები. ამ აქციებში მონაწილე აქტიურ პირებს, ხშირად უსაფუძვლოდ აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ. ციხეებში კი განუკითხაობა სუფევდა, რაც პატიმრების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა”.

“დიოგენესა” და “ლოგოს პრესის” სახელმძღვანელოები

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს: განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა კონფლიქტის დაწყებისა და გარემოებების თარიღის შესახებ “დიოგენეს” წიგნში მოცემულ ინფორმაციას.

თავდაპირველად, ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთი უშედეგოდ ცდილობდა, ხელი შეეშალა საქართველოს სწრაფვისთვის დასავლეთისკენ, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2003 წლის შემდეგ. ის საუბრობს 2008 წელს გახშირებულ პროვოკაციებზე ცხინვალის რეგიონში, შემდეგ კი დასძენს:

“2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა.

2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით ცოცხალი ძალა შემოიყვანა”.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თხრობის ეს ნარატივი იმეორებს მოსკოვის პოზიციას, რომლის თანახმადაც ჯერ  სააკაშვილმა შეიყვანა ჯარი ცხინვალში და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდნენ რუსული შენაერთები საქართველოს ტერიტორიაზე.

საზოგადოების ნაწილი პრობლემურად მიიჩნევს “დიოგენეს” წიგნში აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმული პირველი კითხვის ფორმულირებასაც.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორივე სახელმძღვანელოში მოხვდა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის ფაქტი. “დიოგენეს” სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ “XXI საუკუნეში… ქვეყანაში დემოკრატიულმა ტენდენციებმა შეუქცევადი სახე მიიღო” და სწორედ ამის გამოხატულება იყო მმართველი ძალის არჩევნების გზით შეცვლა.

ავტორი დასძენს, რომ “ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა”.

მონაკვეთი “დიოგენეს” სახელმძღვანელოდან”.

“ლოგოს პრესის” წიგნშიც ნათქვამია, რომ “ახალმა ხელისუფლებამ გააგრძელა დასავლური კურსი, რაც გამოიხატება სახელმწიფოს სწრაფვით ნატოში გაწევრიანებისა და ევროპაში ინტეგრაციისკენ”.

ამის შემდეგ, ავტორი მოსწავლეებს სთავაზობს ამონარიდებს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმიდან(21.10.12), რომელიც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს შეეხება.

“საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია”  — ასეა დასათაურებული შესაბამისი თავი.

ფაქტები თუ შეფასებები — ვინ რატომ აკრიტიკებს წიგნს

ხსენებული სახელმძღვანელოები თვეებია, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. აქამდეც ყველა მსურველს შეეძლო მათი გაცნობა როგორც წიგნის მაღაზიებში, ისე ონლაინ სივრცეში.

თუმცა საკამათო პასაჟების გარშემო დისკუსია მხოლოდ მიმდინარე კვირას დაიწყო და სწრაფად გავრცელდა ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი — მედიაში.

ერთ-ერთი, ვინც თავისი მოსაზრება  ვრცლად დააფიქსირა, ისტორიკოსი ბექა კობახიძეა. მან მხოლოდ “დიოგენეს” წიგნი შეაფასა, რომელიც, კობახიძის სიტყვებით, “იმაზე ბევრად უკეთესია”, ვიდრე სახელმძღვანელოები, რომელთა გამოყენებითაც თავად სწავლობდა ისტორიას.

“აქ შესულია სოციალური/საზოგადოებრივი ისტორია, ტრანსნაციონალურ კონტექსტშია განხილული საქართველოს ისტორია”, — დასძენს ისტორიკოსი.

თუმცა ბექა კობახიძე იზიარებს კრიტიკას 2003-12 წლების პერიოდის შესახებ ზოგიერთ მონაკვეთთან მიმართებით. მისი თქმით, “საგარეო ასპარეზზე ვარდების ხელისუფლების მიღწევები ხავერდოვნად და სიტყვების თამაშით არის მოპარული”.

ბექა კობახიძე 

“მაგალითად, შევარდნაძეზე უშუალოდ და პიროვნულად წერია, რომ მის დროს მოხდა არაერთი საგარეო პოლიტიკური გარღვევა;

სააკაშვილზე წერია რომ 2004 წელს ევროკავშირმა ახალი სამეზობლო სტრატეგია შეიმუშავა (ეს ევროკავშირმა შეიმუშავა და არა საქართველომ მიაღწია). დაიწყო ნატოსთან ინტენსიური თანამშრომლობაო და იქვე ფრჩხილებში წერია, რომ განაცხადი შევარდნაძემ გააკეთა;

ივანიშვილზე წერია, რომ განაგრძო პროდასავლური კურსი და ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ აქ უკვე აღარ წერია ფრჩხილებში, რომ ეს შეთანხმება სააკაშვილის დროს მომზადდა”, — დასძენს ის.

ისტორიკოსს პრობლემურად მიაჩნია ისიც, რომ სახელმძღვანელოში არაფერი წერია აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე, რუსეთის ბაზების გაყვანაზე, ბუქარესტის სამიტის ჩანაწერზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, და ჯორჯ ბუშის ვიზიტზე.

ისტორიკოსი ასევე ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუციის კრიტიკის ნაწილში “ყველაფერი სწორად წერია”, თუმცა სახელმძღვანელოში რევოლუციისაგან “მოპარულია” ეკონომიკური და სოციალური მიღწევები, ასევე, მოდერნიზაციის შედეგები.

ბექა კობახიძე ხაზს უსვამს, რომ ხსენებული მიღწევები შესაბამისი გაკვეთილის ავტორს აღნიშნული აქვს, თუმცა არა რევოლუციის, არამედ “XXI საუკუნის” კონტექსტში:

“მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ზემოთ ციტირებულ აბზაცში ავტორს რეფლექსია ჰქონდა ვარდების რევოლუციაზე, მაგრამ სახელმძღვანელოში ეს გადასარევი ამბები ოცდამეერთე საუკუნეს დაბრალდა და არა ვარდების ხელისუფლებას”.

მისივე სიტყვებით, აგვისტოს ომზე გატარებული ნარატივი “ძალიან საკამათოა”.

“თხრობის მიხედვით, ოსი სეპარატისტები ესროდნენ ქართულ სოფლებს, მიშამ შეიყვანა ჯარები და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდნენ რუსები. როგორც ისტორიკოსი არა, როგორც მოქალაქე ვკითხულობ, ეს პოზიცია აქვს ქართულ მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე?” — კითხულობს კობახიძე.

სახელმძღვანელოთი უკმაყოფილო მოქალაქეთა ნაწილმა 3 დეკემბერს განათლების სამინისტროსთან აქციაც გამართა და მოითხოვა, სასწავლო პროგრამიდან ორივე წიგნი ამოიღონ.

აქცია განათლების სამინისტროსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ისტორია არის ისტორია. ისტორია არის ფაქტი. ფაქტებზე დაყრდნობით უნდა იყოს შედგენილი”, — უთხრა “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარტია “დროას” წევრმა თამთა გოგოლაძემ.

ის ფიქრობს, რომ “დიოგენეს” სახელმძღვანელოში აგვისტოს ომზე მოცემული ინფორმაცია “გაჯერებულია რუსული პროპაგანდისტული ნარატივით”:

“კითხვებიც კი ისეთია დასმული, მაგალითად, შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა…”

“ნეტგაზეთის” კითხვას, მსგავსი კითხვები მოსწავლეებს არ უნდა დაუსვან, თუ ფორმულირება უნდა შეიცვალოს, გოგოლაძემ უპასუხა:

“რა თქმა უნდა, ამ კითხვის დასმა არის შეცდომა და საერთოდ, არ ვფიქრობ, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოსწავლეების მხრიდან უნდა იმართებოდეს დისკუსია.

აგვისტოს ომის თემა არის ცალსახად ისტორიული ნაწილი, რომელიც ემყარება ფაქტებს და არ მგონია, რომ აქ რამე სამსჯელო იყოს”.

 

აქციაზე “ხოტბის შესხმად” და “ბელადომანიად” მოიხსენიეს ივანიშვილის დახასიათება ხსენებულ სახელმძღვანელოებში.

“თქვენ ხედავთ, რომ ბელადომანიის მსგავსი რაღაც სჭირს ამ ხელისუფლებას და მეცენატად, ქველმოქმედად, საქართველოს ამომავალ წერტილად, პროდასავლური კურსის შემქმნელად მოიხსენიებენ ბიძინა ივანიშვილს”, — თქვა “დროას” წევრმა შუშანა მაცაბერიძემ.

“დროა” აცხადებს, რომ პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას “შედეგის მიღწევამდე” განაგრძობს.

“გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად” — სამინისტროსა და სხვების პასუხი

არც შესაბამისი გამომცემლობები და არც განათლების სამინისტრო მიიჩნევენ, რომ ზემოთ ნახსენებ რომელიმე წიგნს პრობლემა აქვს.

სამინისტროდან გამოგზავნილ წერილობით კომენტარში აღნიშნულია, რომ წიგნებში  “ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად”.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა როგორც “დიოგენეს”, ისე “ლოგოს პრესს”. “ლოგოს პრესის” დამფუძნებელმა ლაშა ბერაიამ აღნიშნა, რომ მის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს კრიტიკა არ უნახავს, გარდა “ზერელედ დადებული ფოტოსი, რომელზეც ჩანდა ივანიშვილის პატარა ფოტო და პატარა ბიოგრაფია”.

“[ამ ბიოგრაფიაში] არაფერი საკრიტიკო არ არის, ჩემი აზრით. გაკვეთილის შინაარსთან დაკავშირებით არავის არაფერი სადავო არ აქვს, რადგან არაფერი წამიკითხავს ამაზე.

ჩვენს წიგნში ყველაფერი ნორმალურად, დაბალანსებულად არის… უბრალოდ, ტალღა რომ აგორდა, ფოტო დადეს, სადაც ივანიშვილია. იმ გაკვეთილში სააკაშვილის ფოტოც არის, პუტინისაც და ბევრი სხვა ფოტოც არის”, — დასძინა მან.

ბერაიას განცხადებით, სადავო პარაგრაფების მომზადების პროცესში განათლების სამინისტრო არ ჩარეულა. მისი თქმით, როცა სახელმძღვანელო გრიფირებირებისათვის სამინისტროში მომუშავე ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინეს, იყო გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები, თუმცა “რაიმე ჩარევას” ადგილი არ ჰქონია.

კრიტიკას არც “დიოგენეს” დამფუძნებელი თამარ ლებანიძე იზიარებს. ის გამორიცხავს მიკერძოებას ავტორთა მხრიდან და დასძენს, რომ ღრმადაა დარწმუნებული მათ კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებაში.

“ციტატები ძალიან ბევრგან, ბევრ სიუჟეტში იყო არასწორად მოყვანილი. მე მაინც მგონია, რომ ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი, კონკრეტული დაკვეთის გამო”, — აღნიშნავს ის.

განათლების სამინისტრო

ლებანიძე აღნიშნავს, რომ ისტორიისა თუ სხვა საგნების სწავლება დისკუსიას მოითხოვს და ეს აუცილებელია კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის მოსწავლეთა შორის.

“ჩვენ რომ რაღაც ციტატა მოგვყავს სადისკუსიო ფრაზებიდან, ეს აბსოლუტურად არ გამოხატავს არც ავტორების, არც სამინისტროს, არც გამომცემლობის პოზიციას. ეს გამოხატავს იმ სავარაუდო სიჭრელეს მოსაზრებებისა, რომლებიც შეიძლება იყოს საკითხთან დაკავშირებით.

დისკუსია, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ძალიან ხშირად შედგება ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებისგან.

შესაბამისად, როდესაც ეს ყველაფერი წარმოდგენილია იმ ფორმით, რომ ეს არის ავტორების მოსაზრება, ეს არის ძალიან უხეში მეთოდოლოგიური შეცდომა და თუკი ადამიანი ამაში არ ერკვევა, თუკი ის პედაგოგიკასა და საგნის სწორად მიწოდების სპეციფიკაში არ ერკვევა, მაშინ საერთოდ არ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე”, — დასძენს ის.

სადისკუსიო ციტატები “დიოგენეს” სახელმძღვანელოში. დისკუსიის საგანი ძირითადად ბოლო ორი ციტატა გახდა

“დიოგენეს” სახელმძღვანელოსადმი კრიტიკას მისი ერთ-ერთი ავტორი ნატა ახმეტელი ფეისბუკ პოსტით გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, “სტატიებსა და გადაცემებში მოყვანილი ციტატები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი”.

ახმეტელი სრულად ციტირებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით წიგნში მოცემულ ინფორმაციას, შემდეგ კი დასძენს:

“ოსური სამხედრო ფორმირებების უკან რომ რუსეთი იდგა, არ ჩანს ამ ტექსტიდან?”

“დიოგენეს” წიგნის საკამათო პასაჟებზე საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთი ავტორის, ნათია ფირცხალავას მოკლე სატელეფონო კომენტარი მოისმინა. “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ფირცხალავას ჰკითხა:

“ბ. ივანიშვილის, როგორც ქველმოქმედის და მეცენატის მოხსენიება, ეს იყო განათლების სამინისტროს ნარატივი თუ თქვენი, ავტორთა ჯგუფის მოსაზრება”, — რაზეც, ეთერში გასული ჩანაწერის თანახმად, ფირცხალავამ მიუგო:

“ცხადია, პირველი. ჩვენი მოსაზრება ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო”.

მან დადებითად უპასუხა დამაზუსტებენ კითხვასაც, იყო თუ არა ეს სამინისტროსა და გრიფირების განყოფილების დავალება.

“ნეტგაზეთი” ნათია ფირცხალავას ვერ დაუკავშირდა. მან სატელეფონო ზარსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. თამარ ლებანიძემ კი გვითხრა, რომ აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვს.

დამატებითი კომენტარის გაკეთება არც ნატა ახმეტელმა ისურვა.

როგორ (არ) უნდა ისწავლებოდეს სკოლებში 2003-12

ორი სახელმძღვანელოს გარშემო დაწყებული დისკუსიისას არაერთგზის შეეხნენ საკითხსაც, რომელიც კონკრეტულ გამოცემებში მოცემულ პასაჟებს სცდება: უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში უახლესი ისტორია, როგორც მინიმუმ, 2003 წლის შემდეგ?

ამ იდეას არაერთი ეწინააღმდეგება. მათ შორის არიან ის ადამიანებიც, რომელთაც “დიოგენეს” სახელმძღვანელოს შექმნასა თუ გამოცმაში მონაწილეობა აქბთ მიღებული.

თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ განათლების ამჟამინდელი სტანდარტი საწინააღმდეგო დათქმას შეიცავს.

“პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ იმის თაობაზე, უნდა იყოს თუ არა უახლესი ისტორიის საკითხები, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს. ამას ყოველთვის ვამბობდი.

მაგრამ ეს მოთხოვნა ეროვნული სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტით გაჩნდა არა ბოლო წლებში, არამედ უკვე დიდი ხანია. წინა ხელისუფლების დროსაც იყო უახლესი ისტორიის საკითხები შეტანილი სახელმძღვანელოებში, რადგან ამას მოითხოვდა სტანდარტი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თამარ ლებანიძემ.

თამარ ლებანიძე

რატომ უნდა შეიცვალოს სტანდარტი? ცვლილების მომხრეები ფიქრობენ, რომ რთულია, მიუკერძოებლობისა და სიზუსტის პრინციპები დაცული იყოს ისეთ მოვლენებზე თხრობისას, რომლებიც ჯერაც არ დასრულებულა ან სათანადოდ, ცივი გონებით, არ შეფასებულა.

“მე ვიტყოდი, ჩემი აზრით, ვარდების რევოლუციის ჩათვლით პროცესები უნდა იყოს სახელმძღვანელოებში. თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ მომხდარი პროცესები რამდენად ნეიტრალურად შევა სახელმძღვანელოში, ეს [სხვა] საკითხია.

მგონია, რომ არც საზოგადოებაა მზად და არც ავტორები იმისთვის, რომ 2003 წლის შემდეგ მომხდარი მოვლენები ისტორიის სახელმძღვანელოებში ემოციების გარეშე შეიტანონ.

მთავარი მაინც ისაა, რომ ამ პროცესებიდან ჩვენ ემოციურად არ ვართ დისტანცირებულნი”, — დასძენს ბადრი ოყუჯავა, “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი.

მისი თქმით, თუ მაინც ასწავლიან, მსგავსი ფაქტების მოსწავლეებამდე მისატანად უნდა იმუშაონ სოციოლოგებმა, პოლიტიკის მკვლევრებმა და სხვებმა – იმ ადამიანებმა, რომელთაც გარკვეულწილად შეთანხმებული პოზიციები შეიძლება ჰქონდეთ ამა თუ იმ საკითხის გარშემო.

ბადრი ოყუჯავა. ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

“რა თქმა უნდა, მსჯელობა, რომ დისკუსიის ადგილი უნდა იყოს სახელმძღვანელოში, მესმის და ვეთანხმები ამას, მაგრამ არის ზოგიერთი საკითხი, მათ შორის, რაც პრობლემურია ამ სახელმძღვანელოში — 2008 წლის აგვისტოს ომი — სადაც ეს ინკლუზიურობა შეიძლება ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ შემოგვიტრიალდეს”, — ამატებს ოყუჯავა.

საპასუხოდ კითხვისა, ხომ არ გამორიცხავს მსგავსი მიდგომა კლასებში უახლეს ისტორიაზე დისკუსიის შესაძლებლობას, მკვლევარი აღნიშნავს:

“რა თქმა უნდა, სადისკუსიო სივრცე თუ არა ისტორიის გაკვეთილზე, სხვაგან სად უნდა იყოს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

მაგრამ არის საკითხები, მით უმეტეს, როდესაც თანამედროვე ისტორიაზე და გუშინ მომხდარ ამბებზე ვსაუბრობთ, საიდანაც დისტანცირება ჯერ არ მოგვიხდენია და რომლებიც საზოგადოებების პოლარიზებას იწვევს.

ეს საკითხები იმდენად სენსიტიურია, რომ მე-9 კლასის მოსწავლეებთან ამაზე სასაუბროდ არც კომპეტენცია აქვთ მასწავლებლებს და არც მე-9 კლასის მოსწავლეები არ არიან იმ ასაკში, რომ იმსჯელონ ამ საკითხებზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი