ახალი ამბები

საკრებულოს N1 ჯამბაზი ხაბეიშვილი ჩაანაცვლა ნადირაძემ — კალაძე

7 დეკემბერი, 2021 • 1169
საკრებულოს N1 ჯამბაზი ხაბეიშვილი ჩაანაცვლა ნადირაძემ — კალაძე

დღეს, 7 დეკემბერს, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა უნდა დაამტკიცოს. სხდომა საკრებულოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება საკრებულოს შენობის გარეთაც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თბილისის საკრებულოში ირაკლი ნადირაშვილმა კახა კალაძეს იმ ტენდერების შესახებ ჰკითხა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის დახარჯვა იგეგმება საახალწლო განათებებსა და ატრიბუტიკაზე.

„ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იყო საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ასე იყო წოდებული. ბატონი ხაბეიშვილი ჩაანაცვლა ირაკლი ნადირაძემ. ასე რომ, მივცეთ იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ გავერთოთ“, — ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა ენმ-ის დეპუტატის კითხვებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დედაქალაქის მერს კითხვები ასევე დაუსვა კალაძესა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისთვის მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ.

სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობის გარეთ აქცია იმართება:

„მერმა, რომელმაც მოჰპარა თბილისელებს არჩევნები, არანაირი უფლება არ აქვს, ამ შენობაში იმყოფებოდეს და მთავრობას წარადგენდეს. იმ მთავრობას, რომელსაც თბილისელებისთვის თითი თითზე არ დაუკარებია. სამაგიეროდ ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ მდიდრდებიან ჩინოვნიკები ამ ხალხის გაჭირვების და გაღატაკების თავზე.

ამ 4 წლის განმავლობაში რა გააკეთა კახა კალაძემ თბილისელებისთვის გარდა იმისა, რომ ფასადური პროექტებით ცდილობს თავი მოიწონოს. შეხედეთ, სტატისტიკურად როგორ მატულობს სოციალურ დაუცველთა რაოდენობა ყოველწლიურად, იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებიც უფასო სასადილოებით სარგებლობენ. რა გაუკეთა ამ ხალხს კახა კალაძემ?! ახლა გავიგეთ, რომ თურმე 3 მილიონზე მეტს ხარჯავს საახალწლო განათებებზე“, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია „პირველთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი