ახალი ამბები

ცალსახა იყო წამების კვალი, რაც მან გაიარა წამება და არაადამიანური მოპყრობაა – ხოშტარია სააკაშვილზე

7 დეკემბერი, 2021 • 1236
ცალსახა იყო წამების კვალი, რაც მან გაიარა წამება და არაადამიანური მოპყრობაა – ხოშტარია სააკაშვილზე

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წამების კვალი ეტყობა. სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ხოშტარია დღეს, 7 დეკემბერს, გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს.

ვრცელ პოსტში ხოშტარია სააკაშვილთან გუშინდელ შეხვედრას განიხილავს და ამბობს, რომ შეხვედრიან ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით და განცდებით გამოვიდა.

ხოშტარიას თქმით, სააკაშვილთან ჰქონდა წარსულისა და მომავლის შესახებ საინტერესო და აგრესიისგან დაცლილი საუბარი.

მისი თქმით, სააკაშვილს თავი ძალიან კარგად ეჭირა, მაგრამ ცალსახა იყო წამების კვალი, რადგან „წამებაა, რაც მან გაიარა და არაადამიანური მოპყრობა“.

„რადგან მეც გავდივარ შიმშილის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს და მან ჩემგან განსხვავებით დამატებით უამრავი შეურაცხყოფა გამოიარა, ზუსტად ვიგრძენი მისი მდგომარეობა. ძალიან რთულია ეს პროცესი. ორგანიზმის გამოღვიძება ბევრად უფრო რთულია. ასე არაა- დაიაზიანე, მორჩი და აღდგა.

ჰოდა, დავითრგუნე იმისგან, რომ წარმოვიდგინე, რამხელა უფსკრულია ხალხის აღქმასა და რეალობას შორის. რეალურად მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა, პირველ რიგში, არის იმათი შეურაცხყოფა, ვინც მისი მმართველობის დროს დაიჩაგრა და სამართალს ეძებს. ვისაც ძალადობა აწუხებს და მის მიმართ მსგავს ძალადობას და ამ ძალადობის კვალს თვალებში ჩახედავს, შეუძლებელია ყველაზე მეტად არ შეწუხდეს. მათი შეურაცხყოფაა ეს, პირველ რიგში.
სამართლიანობის ამ სტანდარტის დამკვიდრება, შურისძიების სამართლიანობად გასაღება ანგრევს და დაანგრევს ჩვენს საზოგადოებას. თან ეს სახლემწიფოს დონეზე ხდება. უმძიმესი ტვირთია ჩვენი სინდისისთვის ის, რაც მის თავს ხდება“, – წერს ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, სანამ „ურთიერთგანადგურების საშინელი წრე“ არ შეწყდება, მაშინ საქართველოში აზრი არაფერს ექნება.

„ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც გახარიასგან არის დაჩაგრული, ვუზიარებდი ჩემს ემოციებს და პირველი, რაც თქვა, ღმერთმა დამიფაროს, გახარია როდისმე ამ მდგომარეობაში ჩააგდონო. მეც ზუსტად ეს წარმოვიდგინე. ვთქვათ, ღარიბაშვილი ან ბიძინა ვნახო ასე უფლებაგათელილი, გული გამისკდება და თავს ვერ ვაპატიებ.

თუ არ გავაჩერეთ ეს ურთიერთგანადგურების საშინელი წრე, თუ არ დავნერგეთ სამართლიანობის სტანდარტი, სადაც პასუხისმგებლობა სამართალს და არა შურისძიებას ეფუძნება, საერთოდ არაფერს აზრი არ ექნება ამ ქვეყანაში. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ მშვიდად შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას. 30 წლი თავზე, იმ უბედურებების მერე, რაც გამოვიარეთ, თუ ამ წერტილის საფრთხეს ვერ აღვიქვამთ, კიდევ 30 და მეტი უბედურებაში ვიცხოვრებთ.
მე მაინც მჯერა, რომ ეს ასე არ დარჩება და რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწევთ. მე ზუსტად ვიცი, ამისთვის ენერგიას არ დავიშურებ“, – წერს ხოშტარია.

გუშინ, 6 დეკემბერს, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობს.

ელენე ხოშტარია 17 დღე შიმშილობდა პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით. მან შიმშილობა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი