ახალი ამბები

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდეს

6 დეკემბერი, 2021 • 1131
15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 6 დეკემბერს, საღამოს საათებში მიიღო.

4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი წაუყენეს.

ერთს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის, მეორეს კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

გამოძიების ვერსიით, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.

გამოძიების თანახმადვე, მეორე ბრალდებულმა, – რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და „დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ“, – მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

შესაბამისად, პირველს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი