ახალი ამბები

მელიას სუს-ში იბარებენ

4 დეკემბერი, 2021 • 1695
მელიას სუს-ში იბარებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას თანახმად, მას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის მიზნით იბარებენ.

ამის შესახებ მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია.

მელიამ გამოაქვეყნა მისთვის სუს-ის გამომძიებლის ირაკლი ყაფლანიშვილის მიერ გაგზავნილი წერილის ე.წ. „სქრინშოთები“.

„გიკავშირდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი, გთხოვთ, გვაცნობოთ, სად და რა დროს შეიძლება თქვენთვის მოხერხდეს საგამოძიებო უწყებაში, მოწმის სახით გამოსაკითხად დაბარების მიზნით, წერილობითი უწყების გადმოცემა“, – წერია გაგზავნილ წერილში.

მელიას განცხადებით, იგი ჩაიბარებს უწყებას.

„რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო.
პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს“, – წერს ნიკა მელია.

საქმე სუს-ის მიერ დაწყებულ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებულ გამოძიებას ეხება, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

სუსის თანახმად, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას ხელშეშლა და ქაოსის შექმნა იგეგმებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი