ახალი ამბები

გახარიას პარტიის სამოქმედო გეგმა საკრებულოებთან დაკავშირებით

3 დეკემბერი, 2021 • 1117
გახარიას პარტიის სამოქმედო გეგმა საკრებულოებთან დაკავშირებით

პარტიამ „საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებთან დაკავშირებით წარადგინა პოლიტიკური სამოქმედო გეგმა.

დღეს მიმდინარეობს 2021 წლის მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები. პარტია “საქართველოსთვის” არ მონაწილეობს ბათუმის საკრებულოს სხდომაში. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს:

  • იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც პარტიას “საქართველოსთვის” გააჩნია გადამწყვეტი ხმები, პირველ სხდომაზე საკრებულოების თავმჯდომარეების კანდიდატებს ასახელებს მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში;
  • დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტიას ასევე აქვს გადამწყვეტი ხმები — ზუგდიდი, სენაკი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა — “საქართველოსთვის” ესწრება სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში მონაწილეობას დღეს არ მიიღებს;
  • სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც გახარიას პარტიას არ აქვს გადამწყვეტი ხმები, თუმცა აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასასახელებლად, პირველივე სხდომაზე წარადგენს კანდიდატებს;
  • ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, პარტია „საქართველოსთვის“ ქმნის ფრაქციებს.

„მიზანი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი გეგმა, არის საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩვენთვის მონიჭებული უფლებამოსილება, ვიმოქმედოთ ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის უზრუნველსაყოფად და იქ, სადაც ეს ბერკეტი გაგვაჩნია, არცერთ პარტიას არ მივცეთ ერთპარტიულად და ერთპიროვნულად საკრებულოების მართვის და კრიზისის შექმნის შესაძლებლობა, არამედ პირიქით, ვიმოქმედოთ მუნიციპალიტეტის, იქ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად”, — განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიამ „საქართველოსთვის“ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზა ღია ერთობლივი თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც უარი მიიღეს.

„ჩვენ „ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შევთავაზეთ ღია ერთობლივი თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რაზეც მივიღეთ უარი. ჩვენ მეორე ნაბიჯი, კომპრომისული ნაბიჯი გადავდგით, სადაც დავასახელეთ ჩვენი თავმჯდომარეობის კანდიდატები, რომ მივიღებდით მონაწილეობას საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობების დასაკავებლად, თუმცა ამაზეც ჩვენ პოზიცია არცერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არ მოგვისმენია. შესაბამისად, როგორც განვაცხადეთ, ბალანსის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მუნიციპალურ ბერკეტს, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება”, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი