ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი
მიგრაცია სომხეთში და არამხოლოდ: გრძელვადიანი ტენდეციები
სომხეთი უბრუნდება მუდმივი ემიგრაციისა და ეკონომიკური სტაგნაციის იმ ნორმას, რომელიც დამახასიათებელი იყო წინა ათწლეულისთვის. მით უმეტეს, ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, რადგანაც მსგავსი ტენდენციები ინერციით ხასიათდება. ამ ტენდენციების რაოდენობრივი შეფასება ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მიგრაცია სომხეთის ქრონიკულ პრობლემად გადაიქცა. ისევე როგორც ყოფილი სოციალისტური ბანაკის ბევრ ქვეყანაში, სომხეთში შრომის ბაზარი დაიკეტა, ცხოვრების სტანდარტი დაეცა, შეიცვალა ეკონომიკური და საზოგადოებრივი წყობა. ყოველივე ამის შედეგად კი დემოგაფიული სიტუაცია, განსაკუთრებით, მიგრაციის თვალსაზრისით, მკვეთრად შეიცვალა.
გამონაკლისი არც სომხეთი აღმოჩნდა, რომელსაც საგრძნობლად შეეხო ემიგრაცია. ასეთი ქვეყნების ნუსხაშია, ასევე, ალბანეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა და უკრაინა.
კვლევები აჩვენებს, რომ მიგრაციულ დინებებზე გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ფაქტორები. თუმცა, თუ პოლიტიკური ფაქტორების გავლენა ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, ეკონომიკური – მუდმივია.
კერძოდ, ადამიანებს ქვეყნის დატოვება შეუძლიათ პოლიტიკური გარემოებების გამო, თუმცა ეს იშვიათად არის დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებთან სომხეთში. უმუშევრობა კი ადამიანების ცხოვრებაში მუდმივად აისახება სამსახურის დაკარგვის რისკის სახით, ამიტომაც ამ ფაქტორის გავლენა მიგრაციაზე მუდამ არსებობს.
უმეტეს შემთხვევაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიგრაციის აღრიცხვის გამართული სისტემა არ არსებობს. საბჭოთა პერიოდში არსებობდა სარეგისტრაციო სისტემა, ჩაწერა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მარტივად შეუძლებელი იყო. თუკი ვინმე მიდიოდა ემიგრაციაში რეგისტრაციის გარეშე, სხვა ქვეყანაში ჩასვლისას რეგისტრირდებოდა და სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის ფარგლებში იქმნებოდა დემოგრაფიული სურათი, საჭიროების შემთხვევაში კი, რეგულარული აღწერის დროსაც ზუსტდებოდა, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა (1959, 1970, 1979, 1989).
დღეს მოსახლეობის აღრიცხვა არარეგულარულ ხასიათს ატარებს: მაგალითად, საქართველოში აღწერა ჩატარდა 2002 და 2014 წლებში. უკრაინაში- მხოლოდ 2002 წელს. მოლდოვაში – 2004 და 2014 წლებში. სომხეთში – 2001 და 2011 წლებში. ახალი აღწერა კი გადადეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლით. ამავე დროს, მიმდინარე აღრიცხვა არ იძლევა მიგრაციის შეფასების შესაძლებლობას.
აღწერის არარსებობის პირობებში, მოსახლეობის მიგრაციის შემჩნევა მხოლოდ საზღვარზე შეიძლება, თუმცა, ეს ხშირად ტურიზმს ჰგავს.
ამიტომაც არ ვიცით ემიგრაციის ზუსტი ციფრები, ისევე, როგორც არსებობს იმიგრაციის აღრიცხვის სისტემის შექმნის გარკვეული მცდელობები. თუმცა მათი შედეგები არ არის საკმარისი. ერთადერთი ინსტრუმენტი – ეს არის საზღვარზე გამსვლელთა და ჩამომსვლელთა შედარება, რომელიც ასევე ზუსტდება გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომაც შეუძლებელია საბოლოო შეფასება მიეცეს.
თუმცა არსებული ციფრებით გარკვეული სურათის შექმნა მაინც შეიძლება: 1991-2020 წლებში სომხეთში ჩამოვიდა 160 ათასი ადამიანი, 1 მილიონ 390 ათასი კი, ქვეყნიდან გავიდა. სხვაობა დაახლოებით 1 მილიონ 23 ათასია, რომელიც უნანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავიდა [რომელთა შორის ნახევარზე მეტი 1990 წლების პირველ ნახევარში]. ეს მოიცავს ასევე 200 ათასამდე დევნილს აზერბაიჯანიდან, რომლებიც სომხეთში 1988-90 ჩამოვიდნენ და 1990 წლის შემდეგ დატოვეს ქვეყანა.
მიგრაციული სიტუაცია უკანასკნელ წლებში
2018 წელს მიგრაციული სიტუაცია დასტაბილურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო “ხავერდოვანი რევოლუცია”, რომლის შედეგად ხელისუფლებაში მოსულ ახალ სახეებს საზოგადოების მაღალი ნდობა ჰქონდათ. ასევე, ამაზე გავლენა იქონია საერთო ეკონომიკურმა სიტუაციამ, რომელიც ქვეყანაში ერთი წლით ადრე გაუმჯობესდა.
2018-20 წლებში სომხეთის მიგრაციული ბალანსი დადებითიც კი იყო – ქვეყანაში 10-15 ათასი ადამიანით მეტიც კი ჩამოდიოდა, ვიდრე მიდიოდა.
თუმცა, თუ 2018-19 წლებში ეს გამოწვეული იყო სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციებით, 2020 წელს ბევრი ადამიანი იძულებით დაბრუნდა.
კორონავირუსის პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში, რადგანაც მათ აღარ უგრძელებდნენ სამუშაო ვიზას, ბინადრობის მოწმობას და ა.შ. ან უბრალოდ, სამუშაო ადგილების დახურვის გამო ისინი ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. ამ მხრივ, არც სომხეთის მოქალაქეები იყვნენ გამონაკლისი.
შესაბამისად, 2020 წელს მიგრაციული სიტუაცია, მისი არასტაბილურობის გამო, გასაანალიზებლად კიდევ უფრო რთული გახდა. ამავე დროს, მიგრაციის ტენდენციაზე ყარაბაღის ომმაც იქონია გავლენა. მთელი ომისა და სიტუაციის დრამატულობის ფონზე, ხელისუფლება ცდილობდა შეენარჩუნებინა პოზიტიური ფონი საზოგადოებაში, ლოზუნგით “ჩვენ ვიმარჯვებთ”. 2020 წლის 9 ნოემბერს კი სომხეთის პრემიერ-მინიტრმა ნიკოლ ფაშინიამა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის შესაბამისად, თავისი არსით, სომხეთის თავდაცვის სისტემა ჩამოიშალა და ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიკარგა, რამაც შიდაპოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, ბევრ ადამიანში კი – საკუთარი მომავლის შიში.
ამ პროცესებს მოჰყვა სომხური დრამის დევალვაცია 10%-ით, კაპიტალის გადინება, უძრავი ქონების ბაზრის ვარდნა და უცხოური ინვესტიციების მოდინების განულება. შემცირდა მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობა.
ყოველივე ამის ფონზე სომხეთში ბევრი ელოდა ემიგრაციის მკვეთრ ზრდას, ამასთან, იმაზე დიდი მაჩვენებლით, ვიდრე 2010 წელს – 2021 წელს 100 ათასამდე ადამიანის წასვლას ვარაუდობდნენ.
მიმდინარე პარამეტრები ამტკიცებენ ნეგატიურ პროგნოზს – პირველი ცხრა თვის განმავლობაში, სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, 67.5 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. ეს არის სომხეთის მოსახლეობის 2% [ოფიციალური მონაცემით, სულ 2.94 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სომხეთში].
თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლის პირველ ნახევარში სომხეთიდან, როგორც წესი, სხვა ქვეყნებში სამუშაოდ რამდენიმე ათასი ადამიანი გადის, რომლებიც ქვეყანაში წლის ბოლოს ბრუნდებიან. მათ ემიგრანტებს ვერც დაარქმევ. რამდენი ასეთი შრომითი მიგრანტია იქამდე წასული, ამის დათვლაც შეუძლებელია. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი 20-დან 30 ათასამდე მერყეობს, წლიურად ემიგრაციაში კი 34-50 ათასი ადამიანი მიდის, რაც არც ისე ბევრია.
თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ წლის ბოლოს ეს ადამიანები აღარ დაბრუნდებიან, რადგანაც მიგრაციის სეზონურობა შეიძლება შეცვლილიყო, განსაკუთებით წინა წლის “კარანტინების” გამო. ამ შემთხვევაში, საემიგრაციო სურათი სულ სხვა ანალიზსა და სამომავლო პროგნოზებს საჭიროებს.
საერთო სურათს ემატება ისიც, რომ ეიფორიის ტალღა “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ მცირდება და მისგან აღარაფერი რჩება, წაგებული ომის გარდა. არსებული ტენდენციით, სომხეთში “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ დაბრუნებული ემიგრანტები ისევ წავიდნენ ქვეყნიდან. ემიგრაციის ტალღა ოპოზიციონერთა შორისაც გაიზარდა 2021 წლის 20 ივნისის წაგებული არჩევნების შემდეგ. თუმცა, ეს არ ყოფილა მასობრივი ხასიათის.
სომხეთში მიგრაცია პოლიტიკური სპეკულაციების თემა გახდა. ხელისუფლების დღევანდელი ბევრი მოწინააღმდეგე მაღალი მიგრაციის მოლოდინის შესახებ საუბრობს, ზუსტად იმავენაირად, როგორც ამას ოდესღაც ადრინდელი ოპოზიცია და ახლანდელი ხელისუფლება აკეთებდა.