ახალი ამბები

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-მ მირანდა მესხს ბორკილები გადასცა

3 დეკემბერი, 2021 • 1521
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-მ მირანდა მესხს ბორკილები გადასცა

ზუგდიდის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე ენმ-ის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს ბორკილი აჩუქეს.

“თქვენ ხართ ხმების ქურდი და ყველა ზუგდიდელს წაართვით არჩევანის თავისუფლება. ამ ბორკილებით მინდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ დამნაშავე და აუცილებლად წახვალთ ციხეში”, — მიმართა ენმ-ის წევრმა დარიკო არქაიამ მირანდა მესხს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო, რითაც პატივი მიაგეს ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას.

საკრებულოს წევრები ენმ-დან საკრებულოს პირველ სხდომაზე წარმოდგენილი არიან მაისურებით,  წარწერით — “თავისუფლება მიშას”.

ზუგდიდის საკრებულომ დღეს თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

დღეს, 3 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები იმართება.

მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას დაადასტურებს. საკრებულოების პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი ესწრება. პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.

ზუგდიდის საკრებულო კომპლექტდება პროპორციული წესით არჩეული 30 წევრისგან და 15 მაჟორიტარისგან.  შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ს 22 წევრი ჰყავს, “ქართულ ოცნებას” — 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”- 3 მანდატი. გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრებში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი