ახალი ამბებიეკონომიკა

წლიური ინფლაცია ნოემბერში 12.5 პროცენტია – საქსტატი

3 დეკემბერი, 2021 •
წლიური ინფლაცია ნოემბერში 12.5 პროცენტია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

აგვისტოს თვის შემდეგ საქართველოში წლიური ინფლაცია მუდმივად აღემატება 12 პროცენტს, ეროვნული ბანკის სამიზნე მონაცემი კი 3 პროცენტია.

დიაგრამა ასახავს წლიურ ინფლაციას 2010 წლიდან დღემდე; წყარო: საქსტატი

წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი შეადგინა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 17.0 პროცენტით გაძვირდა, ტრანსპორტი – 20.2 პროცენტით, ხოლო კომუნალური ხარჯები -11.5 პროცენტით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა შემდეგ სასურსათო პროდუქტებზე:

  • ზეთიდა ცხიმი (27.7 პროცენტი),
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (26.2 პროცენტი),
  • პური და პურპროდუქტები (20.4 პროცენტი),
  • რძე, ყველი და კვერცხი (17.9 პროცენტი),
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.4 პროცენტი),
  • თევზეული (16.0 პროცენტი),
  • ხილი და ყურძენი (15.5 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.6 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.9 პროცენტი);

საქართველოში პურის ფასების ზრდის შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის სტატია:

რა გავლენა აქვს ინფლაციის დონეს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტია, რაც ნოემბრის მონაცემებით, 9.5 პროცენტით ჩამორჩება საქსტატის მიერ დაანგარიშებულ მონაცემს.

ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 10.0 პროცენტი აქვს დადგენილი, რომელიც 4 აგვისტოს 0.5 ერთეულით, ივლისის თვის ინფლაციის გათვალისწინებით, გაიზარდა და შემდეგ უცვლელი დარჩა. შემდეგ ჯერზე რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა 8 დეკემბერს უნდა განისაზღვროს.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი შარშან, 5 აგვისტოს, 0.25 ერთეულით შემცირდა და 8.0 პროცენტს მიაღწია. ამ თარიღის შემდეგ  ან უცვლელია, ან იზრდება.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს.

ინფლაცია და საპენსიო დანაზოგი 

თუ საქართველოში ორნიშნა ინფლაციის ტენდენცია გაგრძელდება, მნიშვნელოვნად გაუფასურდება საპენსიო ფონდში დაგროვებული მოქალაქეთა ფული. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეთა სიბერის უზრუნველსაყოფად გადადებულ თანხას წლების შემდეგ დაბალი მსყიდველუნარიანობა ექნება. ამის შესახებ ნეტგაზეთთან საპენსიო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

ბოლო თვეების განმავლობაში წლიური ინფლაციის დონე ყოველთვიურად იზრდებოდა. ივნისში ინფლაცია 9.9 პროცენტი იყო, ივლისში – 11.9 პროცენტი, აგვისტოში -12.8 პროცენტი, სექტემბერში – 12.3 პროცენტი, ხოლო ოქტომბერში 12.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს მიერ ნეტგაზეთისთვის 27 ოქტომბერს მიწოდებული ინფორმაციით, საპენსიო ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტური შემოსავლიანობა 11.4 პროცენტია იმ დროს, როდესაც მიმდინარე წლიური ინფლაცია ოქტომბერში 12.8 პროცენტით, ხოლო ნოემბერში 12.5 პროცენტითაა განსაზღვრული.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის განცხადებით, თუ ინფლაციის მაღალი, ორნიშნა მონაცემი შენარჩუნდა, საპენსიო ფონდის ამონაგები უარყოფითი იქნება, რაც ნიშნავს, რომ განთავსებული თანხები მსყიდველობითუნარიანობას დაკარგავს.

„პირველ რიგში, იმედი ვიქონიოთ, რომ ინფლაცია დაუბრუნდება დაბალ ნიშნულებს და არ მოხდება ლარის მსყიდველობითუნარიანობის შემდგომი დაკარგვა, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, თუ ინფლაცია იქნება წლიურ ეფექტურ შემოსავლიანობის მონაცემზე მეტი, ანუ საშუალოდ რაც გამოაცხადეს (სააგენტომ), 11 პროცენტზე ცოტა მეტი, და თუ ინფლაცია იქნება ამ მონაცემზე მეტი, საპენსიო ფონდში განთავსებული თანხების მსყიდველობითუნარიანობაც შესაბამისად შემცირდება”, — უთხრა ლევან სურგულაძემ ნეტგაზეთს.

უფრო მეტი საპენსიო დანაზოგების მსყიდველობითუნარიანობის შესახებ გაიგეთ ნეტგაზეთის მასალიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი