ახალი ამბები

მანანა კობახიძე საკონსტიტუციოს თავმჯდომარის მოადგილე და II პლენუმის თავმჯდომარე გახდა

2 დეკემბერი, 2021 • 2043
მანანა კობახიძე საკონსტიტუციოს თავმჯდომარის მოადგილე და II პლენუმის თავმჯდომარე გახდა

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ამავე დროს კი სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარე გახდა.

ეს გადაწყვეტილება 2021 წლის პირველ დეკემბერს მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.

მანანა კობახიძე 2018 წლის 12 იანვრიდან იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობას.

მდივნის პოსტზე, პლენუმის გადაწყვეტილებითვე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გიორგი თევდორაშვილი ჩაანაცვლებს.

რამდენიმე კვირის წინ მანანა კობახიძის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება მოითხოვა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI-მ).

ასევე, ორგანიზაციამ მოითხოვა მოსამართლე კობახიძის აცილება საქმეზე — „ანანია გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

შუამდგომლობის საფუძველი გახდა 2020 წლის 12 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერები, რომელთა შორისაა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს შორის გამართული საუბრის ჩანაწერის კრებსი.

GDI-ის თანახმად, „ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე მანანა კობახიძეს მიმდინარე საქმეზე ჰქონდა კომუნიკაცია საქმის შედეგით დაინტერესებულ გარეშე პირთან. სავარაუდოდ, გამოთქვა საკუთარი, წინასწარ განსაზღვრული პოზიცია და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მოსაზრებას იზიარებდა“.

ორგანიზაცია აცხადებდა, რომ კობახიძემ, „სავარაუდოდ, ერთგვარი იურიდიული კონსულტაცია გაუწია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს და ურჩია, რომ საკუთარი აზრის ოფიციალურად დაფიქსირებისთვის შესაძლებელი იყო მისი მხრიდან „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრების სასამართლოში წარდგენა“.

ორგანიზაციის შეფასებითვე, ეს „ფაქტები არღვევს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოსამართლის მიუკერძოებლობის სუბიექტურ და ობიექტურ ასპექტებს“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი