ახალი ამბები

ყველას მოვალეობაა, ხელი შეუწყოს სააკაშვილის პროცესის მშვიდობიანად წარმართვას — დეგნანი

2 დეკემბერი, 2021 • 1294
ყველას მოვალეობაა, ხელი შეუწყოს სააკაშვილის პროცესის მშვიდობიანად წარმართვას — დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიესალმება, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების საშაულება ეძლევა.

დეგნანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს უფლება აქვთ პროტესტის გამოხატვის, თუმცა მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით.

“პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ყოფილ პრეზიდენტს მიეცა შესაძლებლობა, პირადად დაესწროს თავის სასამართლო პროცესს უკვე მეორედ. პოლიციამ შეასრულა კარგი სამუშაო, რომ მისი მიყვანა ადგილზე განხორციელდა უსაფრთხოდ და მედიას აქვს იმის საშუალება, ეს ყველაფერი გააშუქოს. თუმცა ეს პროცესის დასაწყისია. ყველას მოვალეობაა, რომ ხელი შეუწყოს პროცესის მშვიდობიანად, წესრიგის დაცვით წარმართვას. მის მხარდამჭერებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გამოხატონ პროტესტი, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად, წესრიგის დაცვით. იგივე ეხება სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესსაც. უნდა იყოს დაცული წესრიგი და სიმშვიდე, იმიტომ, რომ ეს ის არის, რაც ყველაფერი ერთიანობაში ხელს უწყობს პროცესის სწორად წარმართვას და ყველა მხარემ უნდა გაწიოს ძალისხმევა ამ მიმართულებით”, — განაცხადა დეგნანმა.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოს გარეთ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი და პროცესს იქვე დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი