აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებს გეგმავს, თუმცა არ იცის, მიღებული აქვს თუ არა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ იმ მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა შეიმუშავა მნიშვნელოვანი აგრესიული მოქმედებების გეგმა უკრაინის წინააღმდეგ. ეს გეგმა მოიცავს უკრაინის დესტაბილიზაციის ძალისხმევას როგორც შიგნიდან, ასევე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციებს”, — განაცხადა ბლინკენმა რიგაში გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ.
უკრაინის საკითხი მინისტერიალზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
“ჩვენ ვნახეთ ეს სცენარი მანამდე, 2014 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მაშინ, როგორც ახლა, მათ საგრძნობლად გაზარდეს საბრძოლო ძალები საზღვართან; მაშინაც, როგორც ახლა, გააძლიერეს დეზინფორმაცია, რომ უკრაინა აგრესორად წარმოეჩინათ, რათა წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ქმედება გაემართლებინათ. ჩვენ ვნახეთ ეს ტაქტიკა გასულ 24 საათშიც. ბოლო კვირების მანძილზე თვალს ვადევნებთ გაათმაგებულ ანტიუკრაინულ პროპაგანდას სოციალურ ქსელებში. ჩვენ არ ვიცით, მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. ვიცით, რომ ის ქმნის ყველა პირობას ამის მოკლე დროში გადასაწყვეტად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ ვართ მის განზრახვაში, უნდა მოვემზადოთ მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის”, — განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე აშშ აქტიურ კოორდინაციაშია ნატოელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
“ჩვენ ნათლად განვუმარტეთ კრემლს, რომ ვუპასუხებთ მკაცრად, მძიმე ეკონომიკური გავლენის ზომების გამოყენების ჩათვლით, რისგანაც წარსულში თავს ვიკავებდით”, — თქვა ბლინკენმა, თუმცა არ დააკონკრეტა, იგულისხმება თუ არა ამაში რუსეთის საერთაშორისო სავაჭრო სისტემიდან მოკვეთა, მაშინ, როცა სანქციები ისედაც მოქმედებს.
“ჩვენ მზად ვართ, სასტიკი საფასური დავადოთ რუსეთის მორიგ აგრესიას უკრაინაში. ნატო მზადაა, გააძლიეროს თავისი თავდაცვა აღმოსავლეთის ფლანგზე”, — აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უახლოეს პერიოდში გეგმავს შეხვედრებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთნ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
“შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ურყევია პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში. და როგორც ცალსახად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მოსკოვთან, ასევე დაჟინებით მოვუწოდებთ უკრაინას, თავშეკავება გამოიჩინოს, ვინაიდან რუსეთის სცენარია, მოიმიზეზოს პროვოკაცია იმის გასაკეთებლად, რასაც დიდი ხანი გეგმავდა”, — განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდვინის თქმით, პოტენციური კრიზისის მოსაგვარებლად ერთადერთი სწორი გზა გადის დიპლომატიასა და დიალოგზე მინსკის შეთანხმების ფარგლებში.