ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა – თურნავა „ინტერ-რაოზე“

1 დეკემბერი, 2021 • 1151
იუსტიციის სამინისტრომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა – თურნავა „ინტერ-რაოზე“

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ეხმაურება საქართველოს მთავრობის მარცხს რუსულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ საარბიტრაჟო დავაში და აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო დავას აგრძელებს.

სტოკჰოლმის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაოსთვის“ 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა „ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები“, – კერძოდ, „ისინი ითხოვდნენ 200 მილიონამდე კომპენსაციას და ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ 80 მილიონზე“.

მინისტრის თანახმად, ამის მიუხედავად, მთავრობას დღესაც მიაჩნია, რომ „აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი“.

მინისტრის თანახმად, „დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო“.

„სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, „ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები“.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟმა 2021 წლის 19 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ-რაოს“ გარკვეული კომპენსაცია ეკუთვნოდა.

როგორც სამინისტროში ამბობენ, „ინტერ-რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც „საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი“.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი