ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ამოქმედებულია ყველა ბერკეტი” | სუსი საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე

1 დეკემბერი, 2021 • 1525
“ამოქმედებულია ყველა ბერკეტი” | სუსი საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე

“ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით”, – აცხადებს სუსი ცხინვალში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეზე.

ოსური მხარის ცნობით, სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა ჯავის რიონის სოფელ ვანელში, გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები 47 წლის კაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ მათ განუცხადა, რომ გამშვები პუნქტი ერგნეთში უკანონოდ გადაკვეთა და არ ჰქონდა თან საბუთები.  საქართველოს მოქალაქე, როგორც ოსური მედია წერს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურშია გადაყვანილი.

“უკანონო დაკავების ფაქტზე მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას”, – აცხადებენ სუს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი