ახალი ამბები

მელია: მეუბნებიან, დაგვიძახე და რატომ დაგვშალეო — შტურმისკენ წავიყვანო?!

30 ნოემბერი, 2021 • 1434
მელია: მეუბნებიან, დაგვიძახე და რატომ დაგვშალეო — შტურმისკენ წავიყვანო?!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაგრძელდება. მათ შორის მელია აქციას 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურადაც აანონსებს.

ენმ-ის ლიდერმა ამის შესახებ „მთავარ არხთან“ ისაუბრა. მელიას თქმით, მას ესმის პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების იმ ნაწილის, რომლებსაც სურთ, ეს პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს, თუმცა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პროვოკაციებს არ აჰყვეს და პროტესტი მშვიდობიანად წარიმართოს.

„მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც დასაშვებია მშვიდობიანი მწვავე პროტესტის ფარგლებში. მესმის ჩვენი მეგობრების, პარტიის წევრთა ნაწილის, რომელთაც სურთ, მიხეილ სააკაშვილი უკვე ყოფილიყო გათავისუფლებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ გააზრებული, რა ვერაგი მტერი გვყავს. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ თითოეული მოქალაქის საპროტესტო აქციაში პერმანენტულად მონაწილეობა საწინდარია მალე წარმატების მიღწევისა“, – ამბობს ნიკა მელია.

მისი განცხადებით, პროცესებს შტურმისკენ არ წაიყვანს და არ აიღებს პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინააღმდეგ საპოლიციო ძალის გამოყენებაზე:

„ეს საპროტესტო მოძრაობები არ იქნება, ხალხო, მინავლებული. ნუ გაქვთ იმის განცდა, რომ შესაძლებელია მინავლდეს, მაშინ უნდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილსაც ტყვეობაში ვტოვებთ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ვეგუებით… როცა ხარ შედეგზე ორიენტირებული, უნდა აკეთო მიუხედავად იმისა, მცირე ჯგუფს არ მოსწონდეს. ხშირად მეუბნებიან – დაგვიძახე და რატომ დაგვშალე, მაპატიეთ, რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანო?! არ წავიყვან შტურმისკენ, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ, პირდაპირ გეუბნებით.

არ ვასროლინებ ჩემი ერთი განცხადებით უამრავ სპეცრაზმელს ტყვიას, რომელიც ბევრ ჩვენს მეგობარს შუბლში მოხვდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა გზა არ არსებობს რეჟიმის დამარცხების. ეს გზა ნაპოვნია, მაგრამ ამ გზას სჭირდება სიმტკიცე და არა წუწუნი და ურთიერთპატივისცემა და დიდი შრომა“, – ამბობს ნიკა მელია „მთავარ აქცენტებში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი