ახალი ამბები

დეპუტატი სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს

30 ნოემბერი, 2021 • 1555
დეპუტატი სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს

პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 30 ნოემბერს, ორი სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის, ს/კ რუსთავი-1991-ისა და ს/კ ქუთაისი-2010-ის წარდგინებით, მიიღო განცხადებები ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ.

ზემოაღნიშნული ორივე კლუბის წარდგინებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ სანიკიძე“, – ნათქვამია კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადა ხვალ, პირველ დეკემბერს, იწურება. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატი დარეგისტრირებული.

მათივე ცნობით, საერთო საარჩევნო კრების ჩატარება 11 დეკემბერს 13:00 საათზე „ქორთიარდ მარიოტშია“ დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი