ახალი ამბები

გადავიდა კვების გაფართოებულ რაციონზე — ექიმი სააკაშვილზე

30 ნოემბერი, 2021 • 1613
გადავიდა კვების გაფართოებულ რაციონზე — ექიმი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა მონაცემი ნორმაში აქვს.

გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ გუშინდელი სასამართლო პროცესის შემდეგ პაციენტი დაღლილი იყო. დღეს დილითაც აღენიშნებოდა მცირედი სისუსტე.

„მაგრამ არის მხნედ და რაც შეეხება რაციონს, გადავიდა ე.წ. პირველ მაგიდაზე, გაფართოებულ კვებაზე, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით“, — დასძენს ის.

ჟურნალისტების კითხვაზე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ შეძლებს 2 დეკემბრის სასამართლო პროცესს დაესწროს, ექიმი ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

„მკურნალობა მიმდინარეობს სრული სპექტრით, გამოკვლევები ტარდება ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით, გარკვეული მონაცემებისთვის, და ყველა მონაცემები ნორმის ფარგლებშია“, – ამბობს ნინო გოგორიშვილი და ამატებს, რომ კონსილიუმის წევრები ყოველდღე ან მოდიან ჰოსპიტალში, ან მათთან კომუნიკაცია მყარდება.


მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი