ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ენგურჰესს აფხაზურ მხარესთან დიალოგის პერსპექტივა ტურიზმის სფეროშიც აქვს”| ანთიძე

30 ნოემბერი, 2021 • 903
“ენგურჰესს აფხაზურ მხარესთან დიალოგის პერსპექტივა ტურიზმის სფეროშიც აქვს”| ანთიძე

“ენგურჰესის” კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა. ამ ეტაპზე ტურისტული მარშრუტი გახსნილია მხოლოდ ქართულ მხარეს, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. იგეგმება თუ არა აფხაზური მხარესთან ტურიზმის კუთხით თანამშრომლობა, ან თუნდაც, აფხაზური მხრიდან ტურების მოწყობა, ნიკა ანთიძეს, შპს ენგური ატრაქციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ვკითხეთ:

“ნებისმიერს შეუძლია ტურში მონაწილეობა, მათ შორის აფხაზური მხრიდან. რაც შეეხება ერთობლივ ტურისტულ მარშრუტს, ადრე იყო საუბარი, რომ ეს იქნებოდა მოტივაცია საუბრის, დიალოგის დაწყების, თუმცა “ენგურჰესის”ტურისტული ცენტრის განვითარების შემდეგ რაიმე კონკრეტული გეგმა და კომუნიკაცია აფხაზურ მხარესთან არ ყოფილა. უბრალოდ, ეს იყო ჩვენი სურვილი, და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ორივე მხრიდან ხედვის ჩამოყალიბება იმაზე, თუ როგორ უნდა დაიწყოს ეს დიალოგი, აქვს თუ არა ამ დიალოგს პერსპექტივა და ა.შ.”.

ენგურჰესის მეორე ნაწილი, რომელიც აფხაზურ მხარეს მდებარეობს, როგორც ნიკა ანთიძე ამბობს, “არანაკლებ სანახაობრივი და შთამბეჭდავია”.

“ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ამ ობიექტს -“ენგურჰესს” აქვს ძალიან დიდი პოტენციალი  დიალოგის დაწყების. მე, როგორც მოქალაქე, ვხედავ პერსპექტივას, რომ “ენგურჰესს” შეუძლია ტურისტული თვალსაზრისითაც გარკვეული დიალოგის პლატფორმა გახდეს აფხაზურ მხარესთან. თუმცა ეს უკვე დამოკიდებულია იქაურ მიდგომებზე და დაინტერესებაზე”.

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

“ენგურჰესი” ელექტროენერგიით ამარაგებს როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარეებს. “ენგურჰესი” ერთადერთი რეალური შეხების ობიექტია დღეს აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის, რომელზეც ომის დასრულების შემდეგ არავინ დავობს. ქართულმა მხარემ საკუთარ თავზე აიღო მისი სრული დაფინანსება [დასავლური ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით] ჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი