ახალი ამბები

სასამართლოს კოვიდგადატანილებისთვის უვადო “მწვანე სტატუსის” გადაწყვეტილების შეჩერებას სთხოვენ

30 ნოემბერი, 2021 • 2798
სასამართლოს კოვიდგადატანილებისთვის უვადო “მწვანე სტატუსის” გადაწყვეტილების შეჩერებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR)  სასამართლოში გაასაჩივრა კოვიდგადატანილებისთვის უვადო “მწვანე სტატუსის” მინიჭება. მოსარჩელეები თბილისის საქალაქო სასამართლოს სთხოვენ, გამოსცეს დროებითი ღონისძიება, რომელიც მთავრობას “მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით “სამეცინიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების” მიღებას დაავალებს.

რა პრობლემა აქვს ქართულ “მწვანე პასპორტს”?

1 დეკემბერიდან საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება. 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს “მწვანე პასპორტის” წარდგენა მოეთხოვებათ კვების ობიექტებში, სასტუმროებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, ფიტნესდარბაზებში და სხვა. “მწვანე პასპორტი” აუცილებელი არ არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სურსათის მაღაზიებში.

მწვანე სტატუსი აქვს პირს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი. ამასთან, ადამიანმა ერთხელ თუ გადაიტანა კორონავირუსი, ქართულ დოკუმენტში მუდმივ „მწვანე სტატუსს” ანიჭებენ.

ექიმების აზრით, ამ მიდგომას საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან და არ მოქმედებს არცერთ ქვეყანაში. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გაითვალისწინა დარგის სპეციალისტების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია, კოვიდგადატანილის “მწვანე სტატუსი” გარკვეული პერიოდით (6 თვე) შემოიფარგლოს.

რა პრობლემა აქვს ქართულ „მწვანე პასპორტს”

PHR-ის სარჩელი

“პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის” 29 ნოემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და უახლოეს პერიოდში ელის გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

“მწვანე პასპორტის სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთი არის კოვიდის გადატანა განუსაზღვრელი დროის წინ. ჩვენ, როგორც მოქალაქეები, რომლებიც მთავრობისგან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ვითხოვთ, ძალიან შევშფოთდით, როდესაც ვნახეთ, რომ სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელი, რომელიც კოვიდ თემაზე მუშაობს, ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის ისინი, ვინც საკოორდინაციო საბჭოში შედიან. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო არასწორი მმართველობითი გადაწყვეტილება და სასამართლოსგან მოვითხოვეთ,  დაავალოს მთავრობას, გადაწყვეტილება დააფუძნოს სამეცნიერო მტკიცებულებს. ჩვენს განცხადებაში არ განგვისაზღვრია პერიოდი, როდესაც ადამიანს ექნება კოვიდის გადატანის შემდეგ “მწვანე სტატუსი”, უნდა იყოს 6 თვე თუ 12 — ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩვენი მოთხოვნაა, სახელმწიფოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები ეყრდნობოდეს სამეცნიერო წყაროებს, რადგან მთავრობის სარისკო გადაწყევტილება შესაძლებელია ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებისთვის საფრთხეებს ზრდიდეს”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ანა არგანაშვილმა, PHR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მოსარჩელეები, რომელთა შორისაა “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა თავხელიძე, სასამართლოსგან დროებითი განჩინების გამოცემას მოითხოვენ მანამ, PHR-ის ძირითადი სარჩელი მომზადდება და განიხილება.

“ჩვენ ვითხოვთ, რომ მწვანე პასპორტის გაცემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ჰქონდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ვინაიდან პროფესიონალების პოზიციები ამ პირობით “მწვანე პასპორტის” ამოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში არ მოდის”. ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ, საერთაშორისო სამედიცინო და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ადამიანის უფელბების სტანდარტის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება მწვანე სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის დროებითი ღონისძიების მოთხოვნა. წინ იქნება ძირითადი სარჩელი და სასარჩელო მოთხოვნა, რის ფორმულირებაზე  შემდგომში ჩამოვყალიბდებით. ახლა სასამართლო მუხლის დარღვევაზე არ იმსჯელებს. დარღვევა იყო თუ არ იყო, ეს უკვე შემდგომი სასარჩელო მოთხოვნის და განხილვის საგანაია. ამ ეტაპზე კი ველით სასამართლოსგან, უახლოეს პერიოდში დაავალოს მთავრობას მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება “მწვანე პასპორტის” პირობებზე”, — ამბობს ანა თავხელიძე.

რა არის დროებითი განჩინება?

სასამართლო უფლებამოსილია გამოსცეს დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ. განცხადების საფუძველზე სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე შეუძლია, დავის საგანთან დაკავშირებით მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. სასამართლოს დროებითი განჩინების გამოყენება დასაშვებია ასევე სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წინასწარი მოწესრიგებისათვის, თუ ეს მოწესრიგება, უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის, არსებული საფრთხის ან სხვა საფუძვლების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი