ახალი ამბები

მოხარული ვართ, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება — დეგნანი

29 ნოემბერი, 2021 • 1080
მოხარული ვართ, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ესწრება — დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიესალმება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებას. ამის შესახებ მან დღეს, 29 ნოემბერს, ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩი ასევე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციას, რომელსაც სააკაშვილის მხარდამჭერები პროცესის პარალელურად მართავენ და აღნიშნა, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით უნდა წარიმართოს.

“ძალიან მოხარული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაძლებლობა აქვს, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესზე დასწრება და ეს არის ადამიანის უფლება, რაც ასევე განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებდით ამ უფლების განხორციელებისკენ და მოხარულები ვართ, რომ ეს შესაძლებლობა მიეცა.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მის მხარდამჭერებს, რომ ხელი არ შეუშალონ აღნიშნულ პროცესს. რა თქმა უნდა, მათ აქთ უფლება, გამოხატონ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, თუმცა აქ საკვანძო სიტყვა არის მშვიდობიანი და იმედი გვაქვს, რომ ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ამ სცენარში“, — განაცხადა კელი დეგნანმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესის პარალელურად სასამრთლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება, რომელთაც რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სთხოვა სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაემართათ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი