ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის განცხადება სასამართლო დარბაზში

29 ნოემბერი, 2021 • 971
მიხეილ სააკაშვილის განცხადება სასამართლო დარბაზში

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს, 29 ნოემბერს, მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ  პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.

სააკაშვილის თქმით, სასამართლო პროცესს იმიტომ არ ესწრება, რომ „წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი“ იყოს.

სააკაშვილის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ავრცელებს, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრება. სხვა მედიასაშუალებებს არც პროცესზე და არც საქალაქო სასამართლოს ეზოში არ უშვებენ.

„არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესის პარალელურად სასამრთლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება, რომელთაც რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სთხოვა სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაემართათ.

სსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი