ახალი ამბები

პროკურორი გვარამიას აცილებას ითხოვდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა

29 ნოემბერი, 2021 • 1437
პროკურორი გვარამიას აცილებას ითხოვდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული შუამდგომლობით პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მოსამართლეს დღეს, 29 ნოემბერს, სააკაშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მიმართა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ავრცელებს, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრება. სხვა მედიასაშუალებებს არც პროცესზე და არც საქალაქო სასამართლოს ეზოში არ უშვებენ.

როგორც პროკურორი ამბობს, ნიკა გვარამია 2007 წლის 7 ნოემბერს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო და თავად იყო პროცესებში ჩართული.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესის პარალელურად სასამრთლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება, რომელთაც რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სთხოვა სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაემართათ.

სსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი