მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრებული ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებია და სააკაშვილი სასამართლოსთვის ემზადება, რომელიც 29 ნოემბერს უნდა გაიმართოს:
დღეისთვის, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებში არის. კვების რაციონი არის გაფართოებული და იკვევებება თითქმის უკვე სრული მენიუთი. შედგენილია მენიუ ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით და ძალის აღდგენა მიდის.
დაიწყო უკვე ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. შემიძლია, ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვფიქრობ, რომ იქნება მზად სასამართლოსთვის“, – თქვა გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ ნინო გოგორიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.
შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.