ახალი ამბები

კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

27 ნოემბერი, 2021 • 1395
კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები ბრიტანეთშიც დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს. გამოცემა აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ორივე პირი თვითიზოლაციაში იმყოდება.

ახალი შტამის დაფიქსირებამდე რამდენიმე დრით ადრე, ინგლისსა და უელსში აფრიკის 6 ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო ინდოეთმა, იაპონიამ, იტალიამ, გერმანიამ, ისრაელმა, სინგაპურმა, ფილიპინებმა, ესპანეთმა და ჩეხეთმა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც მუტაციების “უკიდურესად დიდ რაოდენობას” შეიცავს, ბელგიაშიცაა გამოვლენილი.

ბრიტანული The Guardian-ის თანახმად, ახლად გამოვლენილი შტამის ე.წ. საცეც (Spike) ცილაში 32 მუტაციაა. ეს გარემოება მკვლევართა ნაწილს აშფოთებს, ვინაიდან მუტაციების სიჭარბე, შესაძლოა, დაეხმაროს ვირუსს, მარტივად გადალახოს სხეულის თავდაცვითი მექანიზმები.

ახალი ვარიანტის — სახელწოდებით B.1.1.529 — ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მცირეა. ის თავდაპირველად აფრიკის სამხრეთში მდებარე პატარა სახელმწიფოში, ბოტსვანაში დააფიქსირეს. ბოტსვანაში 3 შემთხვევაა აღრიცხული, მეზობელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კი — ექვსი. ახალი შტამის 1 შემთხვევა ასევე დაუდასტურდა ჰონგ-კონგში მყოფ პირს, რომელიც იქ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან იყო ჩასული.

საცეცი ცილა (spike protein) ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ საცეცი ცილის მეშვეობით აღწევს.

საცეც ცილაში მომხდარ მუტაციას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ვირუსის გავრცელებისა და უჯრედის დაინფიცირების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამასთანავე, იმუნურ სისტემას ურთულებს ვირუსზე შეწინააღმდეგების შესაძლებლობას.

სპეციალისტების განცხადებით, ახალი ვარიანტი, მისი საცეცი ცილის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებს. თუმცა, მონაცემების სიმწირიდან გამომდინარე, შტამის მახასიათებლებზე, მათ შორის გადადების მაჩვენებელზე, საუბარი უჭირთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი