ახალი ამბები

მოლაპარაკებები დასრულდა – გერმანიის მთავრობაში „შუქნიშნის კოალიცია“ მოდის

24 ნოემბერი, 2021 • 1550
მოლაპარაკებები დასრულდა – გერმანიის მთავრობაში „შუქნიშნის კოალიცია“ მოდის

გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები დაასრულეს, რაც ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობაში „შუქნიშნის კოალიცია“ მოდის.

ერთობლივ ბრიფინგზე სამივე პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმება მმართველი კოალიციის შესახებ.

ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

საბოლოო შეთანხმების მიღწევა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც წინა დღით შეიკრიბა სამივე პარტიის 21 წარმომადგენელი, რომელზეც კიდევ ერთხელ განიხილეს მომავალ მთავრობაში გადასანაწილებელი სამინისტროები და განსახორციელებელი პოლიტიკა.

სოციალ-დემოკრატების ლიდერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „მეგობრულ და ნდობით სავსე ატმოსფეროში“ გაიმართა.

მწვანეების ერთ-ერთი ლიდერის, რობერტ ჰაბეკის თანახმად, ახალი მთავრობის პრიორიტეტი იქნება „კეთილდღეობა გარემოს დაცვის პარალელურად”.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ მათ (მომავალ კოალიციას) აქვთ სურვილების სურვილი და მიზანი გერმანიაში.

„დოიჩე ველეს“ წყაროების თანახმად, მომავალი კანცლერი სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი იქნება.

ზოგიერთი რამ, რაზეც თანხმდებიან პარტიები

  • მხარეები თანხმდებიან, რომ 2030 წლისთვის მიაღწევენ ქვანახშირის გამოყენების სასურველ სამიზნე მაჩვენებელს;
  • გაზრდიან სატვირთო-სარკინიგზო ტრანსპორტს 25 პროცენტით და ქვეყანაში ეყოლებათ სულ მცირე 15 მილიონი ელექტროავტომობილი 2030 წლისთვის;
  • იმუშავებენ, რათა ევროპაში შემოიღონ საავიაციო მიმოსვლის ისეთივე გადასახადი, როგორიც ეს გერმანიაშია;
  • ემიგრანტებს უფლება ექნებათ შეავსონ მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადი ქვეყანაში მოხვედრიდან 5 წლის შემდეგ და მიიღონ ორმაგი მოქალაქეობა;
  • მინიმალური ხელფასი გაიზრდება 12 ევრომდე საათში;
  • მარიხუანის გაყიდვა ლეგალური, თუმცა რეგულირებული გახდება;
  • ასევე, მოსალოდნელია, რომ ააშენებენ 400 000 ახალ საცხოვრებელს პირველივე წელს, რათა ებრძოლონ უსახლკარობის პრობლემას, საარჩევნო ასაკი შემცირდება 16 წლამდე და შეიქმნება ქულებზე დაფუძნებული საიმიგრაციო სისტემა კვალიფიციური სამუშაო ძალის მოსაზიდად;

გერმანიაში ფედერალური საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართა. არჩევნებში ხმათა ყველაზე დიდი ნაწილი სოციალ-დემოკრატებმა აიღეს. მეორე ადგილზე ქრისტიან-დემოკრატების კავშირი გავიდა, რომელიც ორ პარტიას აერთიანებს, მესამეზე- მწვანეები, მეოთხეზე კი – თავისუფალი დემოკრატები.

არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მთავრობის კოალიციის ფორმირების შესახებ.

2021 წლის არჩევნებით გერმანიაში დასრულდა ანგელა მერკელის ეპოქა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი