„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება მისი შვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ედუარდ სააკაშვილს აქვს განცდა, თითქოს ვიღაცებს ოპოზიციაში შესაძლოა ერჩივნოთ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება.
საუბარია „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე და იქ გამოთქმულ მოსაზრებაზე.
„ძალიან მაშფოთებს და მართლა შემზარავი არის, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე საუბარი – აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება, რას დავატრიალებთ… ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ – ვა, რა მაგარი იქნება, ეს მართლა რომ მოხდეს, ახლა რა მაგარ რაღაცებს დავატრიალებთ და ამათ დედას ვუტირებთ. არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი, უბრალოდ, თუნდაც, ტელევიზიებში ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება მართლა ურჩევნიათ – მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“, – თქვა ედუარდ სააკაშვილმა ინტერვიუს მიმდინარეობისას.
სწორედ ამ რეპლიკას გამოეხმაურა ნიკა გვარამია, როგორც თავად განმარტავს – მიხეილ სააკაშვილის თხოვნით.
„საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მისი სიკვდილი და ეს შესაძლოა ერჩივნოთ. თვითონ მიშამ მთხოვა, რომ განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები და პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე, ცხადია, ამ ყველაფერს.
თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ და ან აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა, ცხადია, შვილს არ ემიჯნება, პირიქით, ამბობს, გაუხარდა, რომ ინტერვიუ მისცა [რადიო თავისუფლებას]“, – ამბობს ნიკა გვარამია.
მთავარი ფოტო: რადიო თავისუფლება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.
სააკაშვილის გასინჯვას ბადრაგი აღარ ესწრება, მოგვარებულია ფანჯრის საკითხიც – ომბუდსმენი