ახალი ამბები

გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

24 ნოემბერი, 2021 • 1089
გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება 24 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინებს საფუძველზე დაიწყეს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სამედიცინო ექსპერტიზა, მოწმეთა გამოკითხვა და სხვა.

ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურსაც დაუკავშირდა და მათ პასუხს ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი