ახალი ამბები

გამყრელიძე: კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსი, შესაძლოა, გადაიხედოს

24 ნოემბერი, 2021 •
გამყრელიძე: კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსი, შესაძლოა, გადაიხედოს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ეთანხმებოდა თუ არა კოვიდგადატანილებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭებას იმის მიუხედავად, თუ რა პერიოდში გადაიტანეს დაავადება.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ NCDC-ს პოზიცია განსხვავებული იყო, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით მოხდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ ეს კომპონენტი შესაძლოა გადაიხედოს:

„ჩვენი პოზიცია იყო სხვა, საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შეიძლება გადაიხედოს. მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭო ინტერსექტორალური ორგანოა, სადაც 25-მდე ადამიანია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი. გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება, რომელიც მფლობელს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ტიპის დაწესებულებით ისარგებლოს.

მსგავსი მოდელი უკვე აპრობირებულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროპის ქვეყნებში სერვისების ნაწილით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ორჯერ აცრილ, ბოლო 6 თვეში კოვიდგადატანილ და შესაბამის ვადებში აცრილ მოქალაქეებს. უკრაინის დედაქალაქ კიევში კი მწვანე საშვის არმქონე პირები ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ.

თუმცა პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოში „მწვანე ბარათი“ ყველა მოქალაქეს ექნება, ვინც კორონავირუსი გადაიტანა პანდემიის დაწყებიდან დღემდე. შეზღუდვები არ იმოქმედებს არც საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტსა და ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებში, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები.

მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას მხოლოდ სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების, გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცენტრო დარბაზები, სამორინეები და ა.შ. აღნიშნული მოთხოვნა ეხება სტუმრებს და არა — მომუშვე ადამიანებს.

ქმედითი ნაბიჯი თუ ფასადური რეგულაცია — „მწვანე პასპორტების“ შემოღების ეფექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი