ახალი ამბები

აქცია გორში – რატომ სცადეს ავტობანის გადაკეტვა

24 ნოემბერი, 2021 • 2145
აქცია გორში – რატომ სცადეს ავტობანის გადაკეტვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობამ დღეს, 24 ნოემბერს აქცია გამართა და ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადა. ისინი მუნიციპალიტეტში მდებარე მიწების საძოვრებად გამოყენების შესაძლებლობას ითხოვდნენ. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ეს მიწები 10 წელია, რაც სახელმწიფო საკუთრებაში აღარაა, თუმცა ამ დრომდე მიწის მესაკუთრე მოსახლეობას ტერიტორიის საძოვრებად გამოყენების საშუალებას აძლევდა, ამჟამად კი ახალმა მეპატრონემ მიწების ათვისება თავად გადაწყვიტა.

“მიწები წაგვართვეს, გაგვიყიდეს, გაგვანადგურეს… არაფრის საშუალებას გვაძლევენ, ჩვენს უფლებებს არაფრად აგდებენ და ისევ ვიღაც მილიონერებს ემხრობიან”, “მშივრები ვიხოცებით, ამხელა სოფელი, ორი ძროხა მყავს, ერთი თავი ყველი უნდა გავყიდო, რომ პური ვიყიდო, სახლში 8 სული ვართ, რომ ვაჭამო რამე… სირცხვილი არ არის?”, – აცხადებს სოფელ ზეღდულეთის მკვიდრი “ფორმულასთან”.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ “ნეტგაზეთთან” განაცხადა, რომ ამ დროისთვის ადგილობრივებმა აქცია შეწყვიტეს, რადგან მიიღეს დაპირება, რომ მერია აღნიშნული პრობლემის მოგვარებას შეეცდება. ასევე, შიოშვილის თქმით, “უახლოესი პერიოდის” განმავლობაში კერძო მესაკუთრე სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას მიწებით სარგებლობის უფლებას მისცემს, თუმცა უცნობია, როგორ გადაწყდება პრობლემა მომავალში:

“მოლაპარაკებების შედეგად მოსახლეობამ ავტობანის გადაკეტვა გადაიფიქრა. ინვესტორიც იყო ჩამოსული, შევხვდით, ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ გარკვეული პერიოდი ამ მიწებზე ინვესტორი სამუშაოებს არ გააგრძელებს, რათა მოსახლეობის გაღიზიანება არ გამოიწვიოს. უახლოეს დღეებში მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ საკითხს მარტო მუნიციპალიტეტი ვერ გადაწყვეტს, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერაც გვჭირდება, ისეთი გადაწყვეტილება რომ მივიღოთ, რომელიც ორივე მხარეს აწყობს”, – განმარტა შიოშვილმა.

მისი თქმით, საუბარია 75 ჰექტარ მიწაზე, ინვესტორი კი მზად არის, 25 ჰექტარი გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მოსახლეობას მიჰყიდოს და მათთვის ტექნიკაც შეიძინოს, თუმცა ამაზე ადგილობრივები აცხადებენ უარს.

“სახელმწიფო ჩაერევა მხოლოდ კანონის ფარგლებში. ჩვენ არც ფინანსური და არც იურიდიული რესურსი არ გაგვაჩნია, რომ ეს მიწა გამოვისყიდოთ და მოსახლეობას დავუბრუნოთ”, – აცხადებს შიოშვილი.

რაც შეეხება ადგილმონაცვლეობას, გორის მერის მოადგილის განცხადებით, ამაზე თავად ინვესტორი აცხადებს უარს. ამასთან, მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტში ერთბაშად 75 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოძებნა რთულია, თუმცა, თუ ინვესტორი ადგილმონაცვლეობაზე დათანხმდება, “შეიძლება რაიმე მოინახოს”.

გარეკანის ფოტო: კადრი “ფორმულას” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი