ახალი ამბები

ღარიბაშვილი: რეგულაციები “სპორტულ ბეთებს” არ შეეხება

24 ნოემბერი, 2021 • 2996
ღარიბაშვილი: რეგულაციები “სპორტულ ბეთებს” არ შეეხება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით მის მიერ დაანონსებული რეგულაციები “სპორტულ ბეთებს” არ შეეხება. აღნიშნულის შესახებ მან “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.

ღარიბაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ ონლაინ-კაზინოებში “ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ლარი იხარჯება”, რაც “კატასტროფაა”. მისივე სიტყვებით, ეს თანხა “ისევ გაჭირვებული ფენიდან, თუნდაც სოციალურად დაუცველებისგან, პენსიონერებისგან მიედინება რამდენიმე ონლაინ-კაზინოს ანგარიშზე”.

“1 კვირაში, ორშაბათს, ჩვენი დავალებით ფინანსთა მინისტრი უკვე წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას. შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ ინიცირება კანონპროექტისა, ჩვენ რომ შევიმუშავებთ”, — დასძინა მან.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, რეგულაციების პირველი ეტაპი სამ კომპონენტს მოიცავს: ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, მათი რეკლამის აკრძალვა და 25 წლამდე პირებისათვის თამაშის აკრძალვა.

წამყვანის კითხვას, შეეხება თუ არა ყოველივე ეს ე.წ. სპორტულ ბეთებს, ღარიბაშვილმა უპასუხა:

“სპორტულ ბეთებს, არა… სპორტული ბეთები ყველგან არის, ჩვენი ინფორმაციით. მე არ ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ მე მოვიკითხე და ევროპაშიც არის და ყველგან არის.

ეს დარეგულირებული არის და როგორც არის ევროპაში, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ. ქაოსურად როგორც იყო მიშვებული ასე… ეს არის პირდაპირ ძარცვა ჩვენი ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის”.

“სპორტული ბეთი” გულისხმობს გარკვეული ოდენობის თანხის დადებას ამა თუ იმ სპორტული ღონისძიების შედეგის წინასწარ გამოცნობისა და თანხის მოგების, ან ვერ გამოცნობის და წაგების პერსპექტივით.

არაერთი კომპანია ერთი ვებგვერდის ფარგლებში აერთიანებს როგორც ე.წ. სპორტულ ბეთებს, ისე აზარტული თამაშების სხვა სახეობებს.

წამყვანი ასევე დაინტერესდა, ვირტუალურ სივრცეში მოქმედი კაზინოების გარდა, გავრცელდება თუ არა რეგულაციები ფიზიკურად არსებულ ობიექტებზეც, მათ შორის, სლოტკლუბებსა და სათამაშო აპარატებზე, “რომლებიც განსაკუთრებით იმ ადგილებში არის ხოლმე განთავსებული, სადაც სკოლებია ახლოს…”

“25 წლამდე ვერავინ ვეღარ უნდა შევიდეს ამგვარ დაწესებულებებში, ანუ “ლენდ კაზინოებში”, ფიზიკურად არსებულ კაზინოებში, მათ შორის, სლოტ კლუბებში. ამის აღსრულება და კონტროლი იქნება მაქსიმალურად გამკაცრებული”, — უპასუხა ჟურნალისტს ღარიბაშვილმა.

საპასუხოდ დამაზუსტებელი კითხვისა, იგეგმება თუ არა ფიზიკურად არსებული კაზინოების სხვაგვარად დარეგულირება გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის, “გარკვეულ სივრცეში ლოკალიზების ან ქალაქიდან გატანის” გზით, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამ ეტაპზე ამ მიმართულებით მთავრობას გეგმა არ აქვს.

“ლენდ კაზიონოები არის და მანდ, მოგეხსენებათ, ძირითადად უცხოეთის მოქალაქეები, ტურისტები, ვიზიტორები თამაშობენ. ამიტომ, რაიმე შეზღუდვას არ ვგეგმავთ”, — თქვა მან.

“პირველ არხს” ღარიბაშვილი 23 ნოემბრის საღამოს სტუმრობდა. ონლაინ-კაზინოების რეგულირებაზე საუბარი მან 1 დღით ადრე, 22 ნოემბერს დაიწყო და აღნიშნა, რომ რეგულაციების დაწესების შემდეგ, მეორე ეტაპზე, ონლაინ-კაზინოები მთლიანად უნდა აიკრძალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი