ახალი ამბები

კობახიძე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიმაჩნია, დასავლეთში არანაირი აღიარება აქვს – ლომჯარია

23 ნოემბერი, 2021 •
კობახიძე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიმაჩნია, დასავლეთში არანაირი აღიარება აქვს – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სერიოზულ ფიგურად არ მიაჩნია და მას არც საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან არ აქვს აღიარება.

ამის შესახებ ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში კობახიძის იმ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელშიც „ოცნების“ ლიდერი ომბუდსმენისა და მასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.

ომბუდსმენის თქმით, კობახიძის მუქარას დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა მის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებზე.

„მე ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ გავმხდარვარ თავდასხმის ობიექტი, მათ შორის უპრეცედენტო თავდასხმებიც მახსოვს  იუსტიციის ყოფილი მინისტრის მხრიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში თავდასხმა იყო კიდევ უფრო მეტად საშიში. აქ უკვე კრიტიკა ან საქმიანობის ხელშეშლა კი არ იყო, აქ იყო უკვე უშუალოდ მუქარა. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და მის ექსპერტებს, ექიმებს, მათი პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულების გამო. ეს უკვე სხვა რეალობა იყო.

თავიდან არ შევხედე ყველაფერ სერიოზულად, იმიტომ, რომ ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად არ მიმაჩნია.  პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ქვეყანასთან, დასავლეთს ვგულისხმობ, და მე ეს დანამდვილებით ვიცი. თუმცა ამას ჰქონდა დამაშინებელი ეფექტი ჩემი ჯგუფის წევრი ექსპერტების და ექიმების მიმართ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

18 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ „ფეიკია“.

მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფს უნდა მოემზადებინა დასკვნა სააკაშვილის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის შესახებ და ის, რომ ეს არ გააკეთეს, მათ პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს.

მისი თქმით, თუ ამ „ფეიკ“ დასკვნას გაგრძელება მოჰყვა და ის სცენარი დადგა, რისიც მმართველ გუნდს „ეშინია“, გამორიცხული არ არის, სახალხო დამცველისა და ამ ჯგუფში შემავალი ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი