„კორონავირუსი აცრილების დაავადება აღარაა“ – ოქსფორდის ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელის ამ ციტატით The Guardian სტატიას აქვეყნებს.
პროფესორ ენდრიუ პოლარდის თქმით, პაციენტების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხვდებიან, აუცრელები არიან.
პროფესორ პოლარდის თქმით, მართალია, რომ დელტა ვარიანტი, რომელიც მაღალი გავრცელებით გამოირჩევა, ათასობით პაციენტს აავადებს, მათ შორის იმათაც, ვინც აცრილები არიან, მაგრამ მათ შემთხვევაში ვირუსი მსუბუქ ფორმებში ვლინდება:
„ძირითადად, კორონავირუსი ვაქცინირებულთა დაავადება აღარაა. ვაქცინების მეშვეობით, მცირე გამონაკლისების გარდა, ხდება დაავადების გამწვავების შეფერხება“, – ამბობს სპეციალისტი.
პოლარდის თქმით, რომელიც ერთ-ერთი მეცნიერია, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შექმნაში იყო ჩართული, მიმდინარე ზამთრის განმავლობაში კორონავირუსის გამო კლინიკური რესურსების გადატვირთვა კვლავ მოსალოდნელია აუცრელი და აცრილი, თუმცა ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ხარჯზე. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ეფექტი იმ ქვეყნებისთვის გაცილებით მძიმე იქნება, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ ბრიტანეთთან შედარებით.
ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ის რესპირატორული ვირუსები, რომელთა ცირკულაციაც კორონავირუსის პარალელურად ხდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ერთი ზომა ეფექტიანი არ იქნება პანდემიასთან ბრძოლაში და კომპლექსური მიდგომებია საჭირო, რომლებიც მოიცავს რევაქცინაციას, ბუსტერ დოზების ადმინისტრირებას, პირბადის მოხმარებასა და ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად რეგულაციების დაცვას.
