ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი მოსკოვს თურქეთთან ურთიერთობების დალაგებაში შუამავლობას სთხოვს

23 ნოემბერი, 2021 • 1179
ერევანი მოსკოვს თურქეთთან ურთიერთობების დალაგებაში შუამავლობას სთხოვს

ერევანმა მოსკოვს თხოვნით მიმართა, შუამავლობა გაუწიოს სომხეთ-თურქული ურთიერთობების დალაგების საკითხში. ამის წესახებ azatutyun. am-ს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ვაან უნანიანმა ინტერვიუში განუცხადა.

მისივე თქმით, სომხეთის რამდენიმე პარტნიორმა, მათ შორის რუსეთმა, მზაობა გამოთქვა, იყვნენ შუამავლები სომხეთისა და თურქეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში და სომხურმა მხარემ კრემლს მიმართა.

“ჩვენ ვაცნობეთ რუსეთს, რომ მზად ვართ დავიწყოთ სომხეთ-თურეთის ნორმალიზაციის პროცესი წინასწარი დათქმების გარეშე. თუ  დაიწყება მსგავსი პროცესი, ბუნებრივია, გავასაჯაროვებთ ამ ინფორმაციას”.

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ სომხეთისა და თურქეთის ლიდერებმა რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადეს, რომ ერთმანეთისგან პოზიტიურ მესიჯებს იღებენ და ურთიერთობების დალაგებას არ გამორიცხავენ.

2021 წლის სექტემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერის შუამავლობით, მას სომხეთის პრემიერმა შეხვედრა შესთავაზა, თუმცა, ამ დრომდე, ოფიციალური ინფორმაციით, პირდაპირი კომუნიკაცია მხარეებს შორის არ შემდგარა.

აქამდე არსებული ოფიციალური ინფორმაციითვე, პირდაპირი დიალოგის დაწყებამდე თურქეთის პირობა იყო სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის “ზანგეზურის კორიდორის” უზრუნველყოფა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, რომლის შემდეგაც ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა, სომხეთის სიუნიქის რეგიონში უნდა აშენდეს სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას და, შესაბამისად, თურქეთს. რუკაზე დატანილია ნახიჩევანის [ზანგეზურის/სიუნიქის] კორიდორების შესაძლო მარშრუტები.

ურთიერთობები ერევანსა და ანკარას შორის – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი