ახალი ამბები

„ლელოს“ ქმედებები ძალიან არათანმიმდევრული და ალოგიკურია – ბოკერია

22 ნოემბერი, 2021 • 1430
„ლელოს“ ქმედებები ძალიან არათანმიმდევრული და ალოგიკურია – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ლელოს“ ქმედებები არათანმიმდევრული და ალოგიკურია, რაც “მოქალაქეებში პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმს თესავს”.

ასე ეხმაურება გიგა ბოკერია „ლელოს“ ფრაქციის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის დასრულებას. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„პარლამენტში შევიდა ოპოზიციის ნაწილი, ვინც ხელი მოაწერა, იმისთვის, თითქოს რომ მომხდარიყო საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და წარმატებას მიეღწიათ რეფერენდუმისთვის. ეს იყო მთავარი საკითხები. თუ მეტყვიან, აქედან რომელი შესრულდა მათი აზრით, რის გამოც თქვეს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ, მაშინ მე ჩავთვლი, რომ მე ვცდები და ისინი მართლები არიან. მათი საქციელი, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სრულიად ოპოზიციაზე ვრცელდება.

მთავარი პრობლემა მოქალაქის მოტყუებაა. შენ თვითონ არ გჯერა იმის, რასაც ეუბნები და მეორე წუთას იმ წამსვე ნათელია, რომ ცრუობ. თავის დროზე არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ იმ რიგი მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე, მერე ეს არ მოხდა, მაგრამ მაინც იქ რჩებიან, არ ვიცი, რა მოსაზრებით. ამას გარდა, ბატონმა ხაზარაძემ, ლიდერმა, ტაში მოწყვიტა იქ შეკრებილ ადამიანებს, მე გავდივარ პარლამენტიდანო. ეს საქციელი სრულიად არათანმიმდევრული, არალოგიკური და ძალიან ცინიკური დამოკიდებულების მაჩვენებელია მოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ სურს დაისახოს ამოცანა, მთავრობის მიმართ წნეხი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყოს ვადამდელი არჩევნების მიღწევისთვის, ლეგიტიმური, მშვიდობიანი ფორმით.

„როცა ამის შანსი გვექნება, ამას სჭირდება სიცხადე ქვეყნის შიგნთაც და გარეთაც, როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო მეგობრების წინაშე, რომ არალეგიტიმურად მიგვაჩნია ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება. როცა შენ თვითონ საბაბს ეძებ, თუ რატომ უნდა იყო პარლამენტში, და სულელურ საბაბებს, ეს ამას ნამდვილად არ ეხმარება“, – განაცხადა ბოკერიამ.

ფრაქციას „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტი გამოცხადებული ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ფრაქციამ ბოიკოტი შეწყვიტა.

ბოკერიას აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით კი ფრაქციის წევრმა, ანა ანცვლიშვილმა განაცხადა, რომ ფრაქციის ბოიკოტის მიზეზი თავიდანვე ცხადი იყო და, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა ეს საკითხი განხილვის საგანი:

“მე მგონია, რომ კოლეგების გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარი იყო, რატომ გამოვაცხადეთ ბოიკოტი და აქედან გამომდინარე არის ის რეაქციებიც, რაც არის. ჩვენი ბოიკოტის მიზეზი მისი გამოცხადების მომენტიდან ძალიან ნათლად იყო ნათქვამი. ეს არ იყო ზოგადი უმისამართო ბოიკოტი, არამედ ეს იყო კონკრეტული საკითხის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად, არაჯანსაღად და პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით ჯიუტად არ იღებდა გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისების და გარემოს უზრუნველყოფის თაობაზე, ჩვენმა ფრაქციამ გამოიყენა საპარლამენტო ბოიკოტი ამ საკითხის გამო.

როდესაც ქვეყანაში აბსოლუტურად არაჯანსაღი და უმწვავესი კრიზისი იყო, რუტინულ საპარლამენტო საქმიანბოაში ჩართვა იყო წარმოუდგენელი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი