აფხაზური მედიის თანახმად, საქართველოში 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების შემდეგ პირველად, აფხაზი დე ფაქტო პარლამენტის წევრები თურქეთის პარლამენტს ეწვივნენ.
ინფორმაცია Sputnik Abkhazia-მ 21 ნოემბერს გაავრცელა.
დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ასტამურ ლოგუამ Sputnik Abkhazia-ს განუცხადა, რომ აფხაზ დეპუტატებს თურქეთის პარლამენტში შეხვედრები ჰქონდათ არა მხოლოდ წარმოშობით აფხაზ, თურქეთის მოქალაქე დეპუტატებთან, არამედ პარლამენტის სხვა წევრებთანაც.
მისი განცხადებით, ეს ვიზიტი ისტორიულია.
„ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ერთობლივი ინიციატივა და ღვთის წყალობით, წელს თურქეთის პარლამენტის წევრების დიდი დელეგაცია ეწვევა აფხაზეთს და გაგრძელდება ჩვენი კონტაქტები. მართალია, ჩვენ არ შევხვედრილვართ მთელ პარლამენტს, მაგრამ თურქი დეპუტატები პირველად შეხვდნენ კოლეგებს აფხაზეთიდან“, – განაცხადა მან.
მისი განცხადებით, ვერავინ შეძლებს ხელი შეუშალოს აფხაზეთს, რომ მსოფლიოს დაუკავშირდეს.
„ისინი დაბლოკავენ ერთი წლით, ორით, სამით, მაგრამ ჩვენ მაინც მივაღწევთ მიზნებს. აფხაზეთი იქნება აღიარებული მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, – განაცხადა ლოგუამ.
მისი განცხადებით, 2022 წელი იქნება გარდამტეხი სოხუმისთვის საერთაშორისო კავშირების გაფართოების კუთხით.
„დღესდღეობით, 3+3 ფორმატი ძალიან ხშირადაა განხილული, რა დროსაც, სამწუხაროდ, აფხაზეთი არ არის წარმოდგენილი და არ მიმდინარეობს მის შესახებ საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვიმუშავებთ ალტერნატივისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვიქნებით ჩართული ამ ფორმატში. შესაძლოა, ეს არ იყოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და იყოს საპარლამენტო პლატფორმა, მაგრამ 3+4“, – განაცხადა ლოგუამ.
საინფორმაციო ცნობაში ნათქვამი არ არის, კონკრეტულად რომელ დეპუტატებს შეხვდნენ აფხაზური დელეგაციის წევრები.
აფხაზური დელეგაცია თურქეთში, მათ შორის, აფხაზების კულტურული ცენტრების ფედერაციის მე-7 კონკრესში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. ფედერაციის ახალ ხელმძღვანელად მურატ მახარია აირჩიეს.
ასტამურ ლოგუა თურქეთში ყოფნისას შეხვდა „პატრიოტული პარტიის“ ლიდერს – დოუ ფერინჩექს. „პატრიოტული პარტია“ არის თურქული სოციალისტური და ნაციონალისტური პარტია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ მუნიციპალურ ასამლეებშია წარმოდგენილი, ჯამში, 5 მანდატით.
ეს იყო კერძო შეხვედრები – საქართველოს საგარეო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აფხაზური დელეგაცია თურქეთში რუსული პასპორტებით შევიდა და მათი შეხვედრები პირადი ხასიათის იყო.
„თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თურქეთის მთავრობა განუხრელად ატარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.
სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დეპუტატები რუსული პასპორტებით ეწვივნენ თურქეთის რესპუბლიკას და კერძო ხასიათის შეხვედრები გამართეს თურქეთში არსებულ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან და ეთნიკურ აფხაზებთან. აღნიშნული კერძო ხასიათის შეხვედრები, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება თურქეთის მხარესთან ოფიციალურ კომუნიკაციად.
საქართველოს საელჩო ანკარაში მუდმივ თანამშრომლობაშია თურქეთის მხარესთან, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაში“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის გაგზავნილ წერილში.