ახალი ამბები

კოალიცია კულტურის სამინისტროს ჟურნალისტთა დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

22 ნოემბერი, 2021 •
კოალიცია კულტურის სამინისტროს ჟურნალისტთა დისკრიმინაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კულტურის სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია.

კოალიცია ეხმაურება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების არდაშვებას. “მედიის ადვოკატირებისთვის” აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამთავრობო უწყებები მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ.

“2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე, ასევე, არ მიიწვიეს მედიის წარმომადგენლების ნაწილი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს”, — ნათქვამია კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს კულტურის სამინისტროს, შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

კულტურის სამინისტროში, სადაც თეა წულუკიანის ბრიფინგი გაიმართა, “მთავარი არხის” და “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტები არ შეუშვეს.

სამინისტროში წულუკიანის ბრიფინგზე “მთავარი არხი” და “TV პირველი” არ შეუშვეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი