ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში 

22 ნოემბერი, 2021 • 1779
ახალი პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში 

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთში ელექტროენერგიის განრიგით მოწოდების, ძველი ქსელების დაზიანებების, კორონავირუსის არასაკმარისი ვაქცინების და საბიუჯეტო უწყებებში ხელფასების დაგვიანების ფონზე ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ერთიანდება – აფხაზეთი მორიგი პოლიტიკური კრიზისის წინაშეა.

ასლან ბჟანიას პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან ოპოზიციური ძალები ხელიდან არ უშვებდნენ მისი თითოეული ნაბიჯის კრიტიკის შანსს. კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზაცია, შემდეგ მისი აკრძალვა, საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ  დეკლარაციის საგარეო კონცეფციაში ჩაწერა, სკანდალი ბიზნესმენ ბენურ კვირაიასთან დაკავშირებით, რომელიც იმ ქართველი ბიზნესმენის სადღეგრძელოს სვამს, რომელიც ქართულ-აფხაზურ ომში ქართული მხრიდან იბრძოდა; ელექტრომამარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები, წყლის მილების შეცვლის შემდეგ დაზიანებული სოხუმის ცენტრალურ გზები, წყლის მიწოდების პრობლემები, 30 სექტემბერს მილიციასა და ომის ვეტერანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება და კრიმინალთან დაკავშირებით რთული მდგომარეობა აფხაზეთში – ამ საკითხებმა გააერთიანა ოპოზიცია ბჟანიას თითქმის ორწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში . ასლან ბჟანიას მოწინააღმდეგეები ზუსტად ახლა გეგმავენ საყოველთაო ყრილობას, რომელზეც მისი გადადგომა უნდა მოითხოვონ.  

ოპოზიციის განცხადებით, გაერთიანების მთავარი საფუძველია საკადრო საკითხები, რომელიც  უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრის, დიმიტრი დბარის დათხოვნის დაკითხს.

მის გადადგომას ოპოზიცია მოითხოვს, რადგან შს მინისტრის ბრძანებით სცემეს “აფხაზურ საზოგადოებაში პატივსაცემი ადამიანები” – ქართულ-აფხაზური ომის სწრაფი რეაგირების დანაყოფის ვეტერანები. 

30 სექტემბერს, როდესაც აფხაზეთში აღნიშნავდნენ აფხაზეთის გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს, პალამენტარმა გარი კოკაიამ სოხუმის ცენტრში ცეცხლასროლი იარაღიდან ჰაერში გასროლა დაიწყო, მილიცია შეეცადა, მისთვის იარაღი წაერთმია. მას გამოესარჩლნენ სხვა პირები. საბოლოოდ, მილიციასა და მათ შორის ჩხუბი დაიწყო. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სწრაფი რეაგირების სპეციალური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე დადინ ჩაჩხალია კი, საბოლოოდ სასამართლოს წინაშე აღმოჩნდნენ. თავად მინისტრი პასუხისმგებლობას გადაურჩა, რის გამოც ოპოზიცია საბოლოოდ დაუპირისპირდა ბჟანიას.

იმის გათვალისწინებით, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბჟანიას და დბარს აქვთ რაღაც გარკვეული შეთანხმება, რომელსც ვერ დაარღვევენ და ბჟანია ვერ შეძლებს მის დათხოვნას, ოპოზიციამ ესკალაციის გაღრმავების მიზნით მისი გადადგომის მოთხოვნა დაიწყო. ასეც მოხდა. დბარმა პოსტი შეიარჩუნა, ოპოზიციამ კი სახალხო ყრილობისთვის მომზადება დააანონსა – ჩამოაყალიბა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პლატფორმა, “აფხაზეთის ერთიანი სახალხო-პატრიოტული კავშირი”. 

სხდომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, პლატფორმის შექმნის აუცილებლობა კი ქვეყანაში შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გამწვავებით ახსნეს. 

“პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი გააკეთა საზოგადოებასა და შს მინისტრს შორის უკანასკნელის სასარგებოდ”, – ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობა “აიდგილარას” ხელმძღვანელი კან კვარჩია. 

მისი განცხადებით, მსგავსი მოქმედებებით ხელისუფლება ახდენს ომის შედეგების გაუფასურებას. 

“ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენი საზოგადოების იდეოლოგიური ორიენტირების განადგურების მცდელობას. გარწმუნებთ, ჩვენ გვაქვს უნარი გავარჩიოთ ჭეშმარიტი პატრიოტები ყალბი პატრიოტიზმის ქვეშ ამოფარებული თვითმარქვიებისგან”, – აცხადებს კან კვარჩია. 

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოპოზიციაში აღშფოთება არ გამოუწვევია პრეზიდენტ ბჟანიას ახალ საკადრო ცვლილებას, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა, “აფხაზეთის სიამაყის” და “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” პროექტების ავტორი დანიშნა. ინალ არძინბამ პოლიტიკური გამოცდილება ძირითადად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააგროვა, სადაც მრჩევლიდან კურატორის ჩათვლით სხვადასხვა პოსტი ეკავა – რელიგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის საკითხებზე. 

თუკი დღეს მთავარ ოპოზიციონერს, ადგურ არძინბასა და ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას შევადარებთ, ჩანს, რომ ორივეს აქვს მკაფიო განზრახვა, საპრეზიდენტო პოსტი დაიკავოს. თუმცა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, აფხაზურ საზოგადოებას არ უყვარს ღიად რუსული კანდიდატები, თუნდაც ეს თანამემამულეები იყვნენ. ამ მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს 2004 წლის არჩევნების ამბავიც, როდესაც გამოკვეთილი ლიდერი, პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას პოლიტიკური მემკვიდრე რაულ ხაჯიმბა დამარცხდა იმის გამო, რომ მას ღიად უჭერდა მხარს მოსკოვი. აფხაზებს, როგორც წესი, არ მოსწონთ ხოლმე, როდესაც მათი სტრატეგიული პარტნიორი ხმამაღლა კარნახობს რამეს, რადგან რუსული წარსულის მქონე ყველა ახალ ჩინოვნიკს უკავშირებენ მათთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს საკითხებია რუსეთის მოქალაქეებითვის უძრავი ქონების ყიდვის და ენერგეტიკის პრივატიზების დაშვება. ეს თემები ყოველთვის პოლიტიზებული იყო ოპოზიციის მიერ, თუმცა აფხაზეთის ყველა ხელისუფალი დგებოდა მათი გადაჭრის საკითხის წინაშე. ამავე დროს, ყველა მათგანი ინახავდა ამ საკითხებს მომავალში განსახილველად. 

თუმცა აფხაზეთის ხელისუფლების დღის წესრიგში მხოლოდ ეს საკითხები არ დგას. პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციებიდან ყველაზე მეტი ინფორმაცია ვრცელდება მოსკოვში ტრანსპორტის, ტურიზმისა და სპორტის მინისტრებთან შეხვედრების შესახებ.

დღევანდელი ხელისუფლების განცხადებით, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის გახსნა 2024 წელს იგეგმება, თუმცა ეს არაა სამოქალაქო ავიაციის აღდგენის პირველი დაპირება –  ყველა აფხაზი პრეზიდენტი ხალხს ამას ჰპირდება. 

დღეს, ასევე, ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა რუს კოლეგებთან საზღვაო მიმოსვლის საკითხის დარეგულირებას  ცდილობს კრასნოდარის მხარისა და ყირიმის კურორტების მიმართულებებით. ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი კი რეგულარულ მოლაპარაკებებს მართავს აფხაზეთის გაზიფიკაციის თემაზე.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ხელიდან არ გაუშვას ნაღმი, ოპოზიცია კი ეჭიდება ყველა საბაბს და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებასაც კი ახდენს,  მიუთითებს იმაზე, რომ მათი მიზანი არა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა, არამედ ხელისუფლების ცვლა და სავარძლების დაბრუნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი