ახალი ამბები

“ღარიბაშვილისთვის რეპუტაციის გადარჩენის საშუალებაა” – დოლიძე ონლაინ-კაზინოებზე პრემიერის განცხადებაზე

22 ნოემბერი, 2021 • 1658
“ღარიბაშვილისთვის რეპუტაციის გადარჩენის საშუალებაა” – დოლიძე ონლაინ-კაზინოებზე პრემიერის განცხადებაზე

პარტიის “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე ონლაინ -აზინოების აკრძალვასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის მცდელობად აფასებს.

დოლიძის თქმით, ანალოგიური მოთხოვნა მას წლებია აქვს, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში არაფერი გაკეთებულა საკითხის გადასაჭრელად.

“დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება ონლაინ-კაზინოების აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელსაც ათი ათასობით ამომრჩეველი და ჩვენი მოძრაობა ითხოვს უკვე წლების განმავლობაში. წლების განმავლობაში სწორედ ამ ხელისუფლებამ აპარპაშა ონლაინ-კაზინოები. მიაღწია იმას, რომ ჩვენი ჯიბიდან მილიარდობით ლარი მიედინებოდა ონლაინ-კაზინოების ჯიბეში და დაიღუპა თაობები. რატომ გააკეთა დღეს ეს განცხადება? – იმიტომ, რომ ეს განცხადება არის გაჭირვების ტალკვესი. დღეს ირაკლი ღარიბაშვილის რეპუტაცია, როგორც პრემიერის, არის ნულოვან ნიშნულზე. განსაკუთრებით იმ განცხადებების შემდეგ, რაც მოვისმინეთ მასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ ონლაინ-კაზინოების აკრძალვა ღარიბაშვილისთვის არის მხოლოდ საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის საშუალება და განხორციელდება თუ არა ეს გადაწყვეტილება, საკითხავია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი ხედვით, ონლაინ-კაზინოებს თავდაპირველად გადასახადები უნდა გაეზარდოთ, რეკლამა აიკრძალოს და 25 წლამდე პირებს თამაში აეკრძალოთ, მეორე ეტაპზე კი ონლაინ-კაზინოები მთლიანად აიკრძალოს.

„ერთი მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით. ახალგაზრდები ყოველთვის თამაშობენ და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1.5 მლრდ ლარს“, – თქვა პრემიერმა.

„ამაზე ვესაუბრე ეკონომიკურ გუნდს და პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ-კაზინოებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ასეთი კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური და ეს თანხა მიედინება უცხოეთში“.

„ამიტომ, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები“, – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი