ახალი ამბები

უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო მიუნხენის კონფერენციაზე ”უდიდეს ინტერესს იწვევდა”

10 თებერვალი, 2010 • 1234
უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო მიუნხენის კონფერენციაზე ”უდიდეს ინტერესს იწვევდა”

“ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 10 თებერვალს პრესკონფერენცია გამართა და  მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

უსაფრთხოების 46-ე საერთაშორისო კონფერენცია მიუნხენში 5–7 თებერვალს გაიმართა. კონფერენციის სლოგანი იყო “აღარავითარი თავის მართლება! (No more excuses!).

ირაკლი ალასანია კონფერენციაზე  სხვადასხვა  ქვეყნებიდან მიწვეულ 25 ახალგაზრდა პოლიტიკოსთა შორის მოხვდა.

კონფერენციის ფორმატში ირაკლი ალასანია შეხვდა გერმანიის თავდაცვის მინისტრ კარლ-თეოდორ გიუტენბერგს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, სენატორებს აშშ–დან – ჯოზეფ ლიბერმანს და ჯონ მაკკეინს. აღნიშნული შეხვედრების დროს განხილულ იქნა ევროპული უსაფრთხოების პრობლემატიკა.

კონფერენციის მთავარი თემა ავღანეთის საკითხი იყო. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქ მყოფი დელეგაციების უდიდეს ინტერესს იწვევდა.

ალასანიას თქმით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილ ვითარებას და ევროკავშირის ხელშეწყობით ხელმოწერილი 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების  აუცილებლობას.

“ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი,  ირაკლი ალასანია ესაუბრა ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწეს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსს, ეუთოს გენერალურ მდივანს, შვედეთის, ესტონეთისა  და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა  მინისტრებსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს.   

– “ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოს დღევანდელ პირობებში, როდესაც უსაფრთხოების საკითხი ყველაზე მტკივნეულად დგას, გამოსავლის ერთადერთი საფუძველი დემოკრატიულ პროცესებშია. საქართველოს მიმართ ინტერესი ბევრად განსხვავებულია, ვიდრე ეს სამი თვის წინ იყო. ევროპა და ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას დემოკრატიულ პროცესში ხედავენ. მე ვიგრძენი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმედგაცრუებულნი არიან იმ დეკლარირებული დემოკრატიული რეფორმებით, რომელიც ხელისუფლებამ არ შეასრულა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით კონფერენციაზე წარმოდგენილ მხარეებს განსაკუთრებული  ინტერესი ჰქონდათ საქართველოში მაისში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ.

– ”ჩემთან შეხვედრის დროს ყველა აღნიშნავდა, რომ არჩევნების ჩატარებისათვის და მისაღები საარჩევნო გარემოს შექმნისთვის, პირველი ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას “, – განაცხადა „ალიანსი საქართველოსათვის“ ლიდერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი