ახალი ამბები

“რთულად მოსასმენი” — ქემოკლიძე ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის შეფასებაზე

22 ნოემბერი, 2021 • 2547
“რთულად მოსასმენი” — ქემოკლიძე ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის შეფასებაზე

პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე რთულად მოსასმენს უწოდებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებას.

ქემოკლიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე.

“რაღა დაგიმალოთ, მოსასმენად არ იყო მარტივი. საბოლოო ჯამში, ჩვენ თუ ინსტიტუციებს პატივს ვცემთ, ეს ადამიანი არის საქაღთველოს პრემიერ-მინისტრი. მე არ ვიცი, რა დამოკიდებულება არსებობდა ან დღეს არსებობს ბატონ ივანიშვილსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის, მაგრამ საკუთარი ქვეყნის, სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრზე მსგავსი ტიპის განცხადება იმ ადამიანისგან, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ქართულ პოლიტიკაზე და ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე, არის ძალიან ცუდი და რთულად მისაღები და მოსასმენი”, — განაცხადა ქემოკლიძემ.

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიულ ბანკთან დავის ფარგლებში დისტანციურად აძლევდა ჩვენებას, ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა. ღარიბაშვილი, რომელიც იმ პერიოდში ივანიშვილის თანაშემწე იყო, ესწრებოდა ბანკ „კრედიტ სუისთან“ ხელშეკრულებების ხელმოწერას, რის შემდეგაც, ივანიშვილის თანახმად, ბანკმა მას ასობით მილიონი აშშ დოლარი დააკარგვინა. ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული განათლება და არც ფინანსური, რომ “კრედიტ სუისთან” გაფორმებული ხელშეკრულებები გადაემოწმებინა.

“ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ „კრედიტ სუისი“ მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი?” ,– კითხულობს ექსპრემიერი.

მისი თქმით, იმ პერიოდში ღარიბაშვილის ვალდებულება შემდეგი იყო:

„აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, ვთქვათ… იგივე, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, მინდოდა ფულის გადარიცხვა, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება, ასეთ მსგავსი. თვეში ერთხელ გაეგო, ანგარიშზე რა თანხებია დარჩენილი და ა.შ“.

ამის შემდეგ უცხო პირი, რომელიც ვიდეოში არ ჩანს, ივანიშვილს ეკითხება: „ანუ, რაღაც მდივანივით გყავდათ, არა?”, რაზეც ივანიშვილი იცინის და პასუხობს:

„რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენი რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.

ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი – ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ დავისას

მასალების გადაბეჭდვის წესი