ახალი ამბები

პარლამენტთან ნაძვის ხეს აწყობენ

19 ნოემბერი, 2021 • 1198
პარლამენტთან ნაძვის ხეს აწყობენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ამ წუთებში  საახალწლო ნაძვის ხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის მეტალის ჯებირებითაა შემოსაზღვრული პარლამენტის წინა ტერიტორია, სადაც ნაძვის ხე იდგმება.

დღეს, 19 ნოემბერს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ოპოზიციის აქციაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბერს ის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს. სააკაშვილი ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

სააკაშვილი გლდანში, ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ცუდად გუშინ, 18 ნოემბერს იმ დროს გახდა, როცა ადვოკატებს ხვდებოდა.

„რომ გამოვდიოდით, ადგა, გაჰყავდა ბადრაგს და [იმ მომენტში] მოწყვეტით წაიქცა. რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო და ისეთი მოძრაობები იყო, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის“, – თქვა გვარამიამ გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

ექიმების დახმარების შემდეგ სააკაშვილი გონს მოვიდა და ბოლო მონაცემებით კონტაქტური იყო. ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით.

ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი