ახალი ამბები

გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი – ელისაშვილი

19 ნოემბერი, 2021 • 2164
გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

„არ ვიცი, ხვდებიან თუ არა „ქართულ ოცნებაში“, რომ ამ მთელ ისტორიაში, სადიტური მიდრეკილების გარდა, სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს“, – წერს პოლიტიკოსი ფეისბუკზე.

„ერთი კაცის იზოლირება რა პრობლემაა და მისი მხარდამჭერების მოგერიება?! წესით, სახელმწიფო ვართ და რომ ჰკითხო ჩვენს ძალოვნებს, რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოგერიების გეგმებს ვადგენთ“, – წერს ელისაშვილი.

„გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა“, – მოუწოდებს იგი ხელისუფლებას.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით. მათ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბრის საღამოს გონება დაკარგა და ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი