ახალი ამბები

სურთ, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გათავისუფლების შანსები შექმნან – კობახიძე

19 ნოემბერი, 2021 • 2040
სურთ, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გათავისუფლების შანსები შექმნან – კობახიძე

“პოლიტიკური და უსაფრთხოების მხრივ, მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე.

კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა “უბრალო ახირება” არ არის და ოპოზიციას კონკრეტული მიზანი აქვს. მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია “სისხლისღვრის ჩათვლით”. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მათ უნდა გაითვალისწინონ როგორც სამედიცინო, ასევე, უსაფრთხოების საკითხები.

“პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით არის ძალიან სერიოზული რისკები. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მათი მხრიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა უბრალო ახირება არ არის და ამის უკან კონკრეტული მიზანია. მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მისი გათავისუფლების გარკვეული შანსები შექმნან. ამისათვის ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან და ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა ყველაფრის მკადრებელია.

აქედან გამომდინარე, არსებობს უსაფრთხოების სერიოზული რისკები და ჩვენ ეს რისკები უნდა მივიღოთ მხედველობაში, ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლისღვრის ჩათვლით. შემიძლია ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეზე, რაც შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც ასეთი გადაწყვეტილება თეორიულად შეიძლება იყოს მიღებული.

როდესაც შესაბამისი ორგანოები და უწყებები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ან სხვადასხვა ეტაპზე იმსჯელებენ ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, ორივე მოსაზრება იქნება გათვალისწინებული – სამედიცინო და უსაფრთხოების მოსაზრებები”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ, 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფმა ისევე, როგორც მთავრობის მიერ შექმნილმა და ალტერნატიულმა კონსილიუმებმა, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

პენიტენციური სამსახური, უსაფრთხოების ზომებიდან და ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხის მოტივით, უარს აცხადებს სააკაშვილის მიყვანაზე სასამართლო პროცესებზე, სადაც ექსპრეზიდენტის საქმეები განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი