ახალი ამბები

თალაკვაძის აზრით, პანდემიისას სააკაშვილი და ენმ ექიმებს პაციენტებს „სწყვეტს“

19 ნოემბერი, 2021 • 2567
თალაკვაძის აზრით, პანდემიისას სააკაშვილი და ენმ ექიმებს პაციენტებს „სწყვეტს“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პაციენტებისთვის ექიმების „მოწყვეტაში“ ადანაშაულებს „მაშინ, როდესაც მოქალაქეები კორონავირუსით იღუპებიან“.

ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 18 ნოემბერს, ღამით განაცხადა. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა და რეანიმაციაში გადაიყვანეს.

თალაკვაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მის მიერ მართული ტელევიზიებით რეალობის გადაკეთებითაა დაკავებული.

„წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური და საინფორმაციო შეტევა ხდება საზოგადოებაზე. რეალობის გადაკეთებაში ვგულისხმობ იმას, რომ მწამებლები წარმოჩნდებიან, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები, ის ხალხი, ვინც პენიტენციური სისტემა გადააქციეს სასაკლაოდ, დღეს წარმოჩნდებიან, როგორც პენიტენციური სისტემის ექსპერტები და ჭკუას გვასწავლიან.

და ის ადამიანები, რომლებიც ხალხს ართმევდნენ საკუთრებას და რეიდებს ატარებდნენ ტელევიზიებში, დღეს თავს მედიის თავისუფლების დამცველებად წარმოაჩენენ,“ — თქვა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მათ შორის ზემოხსენებული მიზეზების გამო, ენმ არჩევნებში ვერ იგებს. ასევე, თალაკვაძე დასძენს, რომ როგორც ხელისუფლების დროს, ასევე ახლა, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობს მოქალაქეებზე. ამის მაგალითია მათ შორის ისიც, რომ:

„მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში და მსოფლიოში არის გლობალური პანდემია, მოქალაქეები იღუპებიან სამედიცინო დაწესებულებებში, ურთულესი დახმარება სჭირდებათ, ექიმები ჩართულები არიან და ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან. როდესაც ეკონომიკური კრიზისია და ეკონომიკის აღდგენა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამ დროს სააკაშვილი თავისი რადიკალური ოპოზიციური ბანაკით მაქსიმალურად არის დაკავებული იმით, რომ სახელმწიფო ადმინისტრაცია და ინსტიტუტები მოწყვიტოს თავის ძირითად ამოცანებს, ექიმები მოწყვიტოს პაციენტებს და ეს ყველაფერი გადართოს ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციულ დღის წესრიგზე.

მუქარები მოვისმინეთ,  რომ გადაკეტავენ ქუჩებს მაშინ, როდესაც სასწრაფო მანქანები დადიან. მაშინ, როდესაც აცრისთვის მანქანები უნდა მივიდნენ. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მუქარებიც, რომ გადაკეტავდნენ ქუჩებს მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები მოძრაობენ და მოქალაქეებთან უნდა მივიდნენ, მაშინ, როდესაც აცრისთვის განკუთვნილი ავტობუსები ასაცრელ პუნქტებში უნდა მივიდნენ“, — აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძის შეფასებით, ეს ყველაფერი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და შიმშილობა არის ერთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის მიზანია „როგორმე საქართველო და მისი ხელისუფლება ჩამოაცილონ იმ ძირითად საქმეს. რასაც ითხოვს საზოგადოება ჩვენთან“.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ის ამბობს, რომ შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული იყო ჯერ კიდევ 17 ნოემბრის ღამის მდგომარეობით. მათ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს, რასაც მთავრობა ამ დრომდე არ ასრულებს.

მიხეილ სააკაშვილმა 18 ნოემბრის საღამოს გონება დაკარგა და ის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავეს.

ხელისუფლებას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი