ახალი ამბები

მთავარია, სააკაშვილი ცოცხალი გავიდეს აქედან, ნუ იქნება თუნდაც ეს საქართველოში – გვარამია

18 ნოემბერი, 2021 • 1164
მთავარია, სააკაშვილი ცოცხალი გავიდეს აქედან, ნუ იქნება თუნდაც ეს საქართველოში – გვარამია

ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება:

„გამოსავალი არის ერთადერთი, რომ აქ არ იყოს მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ შეწყვიტოს შიმშილობა“.

„თუ მართლა ასეთი ვითარებაა, – მოგონილი აბსურდი, რომ „ვიღაცა მოიტაცებს“ თუ უსაფრთხოების პრობლემები, – გეუბნებით პირდაპირ (ჩემს აზრს გეუბნებით, სააკაშვილის პოზიციის მიუხედავად), – ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს კაცი აქედან ცოცხალი გავიყვანო და ნუ იქნება თუნდაც საქართველო, სხვა ადგილი იყოს. არაფერი აღარ მაინტერესებს იმის გარდა, რომ აქედან გამოვიდეს ცოცხალი“, – განაცხადა გვარამიამ.


ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ექიმების ჩარევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და ის საკაცით აიყვანეს.

ამ მომენტში იქვე იმყოფებოდა ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილს შეხვედრის განმავლობაში უჭირდა ლაპარაკი და „უჭირდა თავის დაჭერა“.

„რომ გამოვდიოდით, ადგა, გაჰყავდა ბადრაგს და [იმ მომენტში] მოწყვეტით წაიქცა“, – განაცხადა გვარამიამ.

„რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო და ისეთი მოძრაობები იყო, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის“, – თქვა გვარამიამ.

ამის შემდეგ, მისი თქმით, ექსპრეზიდენტთან მალევე მივიდნენ ექიმები:

„როგორც კი ეს დაუყენეს, სისტემა, ფერზეც მოსულია და კონტაქტურია“, – აცხადებს იგი.

„ამჟამად იმყოფება რეანიმაციაში, ყველა ექიმი ადგილზეა, აკეთებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს“, – განაცხადა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი